|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის მშენებლობის შესახებ მინისტრის ბრძანებას "საია" სასამართლოში ასაჩივრებს

გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო  ნამოხვანჰესის მშენებლობას, უკანონოა, - აცხადებს "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

 ზაალ გორგიძის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართოს გადაეცა, საქმე მიღებულია წარმოებაში და ელოდებიან არსებითი განხილვის დაწყებას. 

 "მოსახლეობა აპროტესტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანებას, რომლითაც მწვანე შუქი აენთო ჰესის მშენებლობას. ჩვენ სამართლებრივი დახმარებისათვის ტვიშის, ნამოხვანისა და მექვენის მოსახლეობამ მოგვმართა. მინისტრის ბრძანება უკანონოა,  ამასთან,  გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის განხილვა მოსახლეობასთან არ მომხდარა, განხილვა ფორმალურად ჩატარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის დარბაზში, რომელსაც არ ესწრებოდა მოსახლეობა, რადგან არ იყო ინფორმირებული. რაც შეეხება კომპანიას,  რომელმაც უნდა ააშენოს ჰესი, კითხვაზე აქვს თუ არა ჰესის მშენებლობის გამოცდილება, ვერ უპასუხა, რადგან ამ კომპანიას ასეთი გამოცდილება არ აქვს"- აცხადებს გორგიძე. 

მისივე თქმით, არ არსებობს ექსპერტების დასკვნა, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს დაგუბებული წყალი  კასტრულ მიღვიმეებთან -პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეებთან მიმართებაში. არ არის გათვალისწინებული მიწისძვრის შემთხვევაში რა საშიშროება ემუქრება მოსახლეობას, მათ შორის ქუთაისს და დასავლეთ საქართველოს. გარემოზე ზემოქმედების  დოკუმენტიც დაკოპირებულია და არ ასახავს რეალურ სიტუაციას. მასში ისეთი თევზის ჯიშები არის ნახსენები, რომელიც საერთოდ არ არსებობს მდინარე რიონში. ასევე უცნობია,  თუ რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომელიც ამ ხეობაში არსებობს.   

 გადაწყვეტილება ითვალისწინებს შპს "ენკა რინიუებლიზის" მიერ მდინარე რიონზე ორსაფეხურიანი შესების კასკადის - ტვიში ჰესი 100მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვან- ჟონეთი ჰესი333 მგვტ სიმძლავრით მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტს.

ავტორი: ირინა მაკარიძე