|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუნიციპალიტეტების მიერ გაგზავნილი სმს-ები ამომრჩევლებზე ზეგავლენის მცდელობად ფასდება

მუნიციპალიტეტების მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსგავსი ქმედება ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენად შეიძლება შეფასდეს. 

"ბოლო პერიოდში საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (sms) და ელექტრონული ფოსტის სერვისით, აქტიურად უგზავნიან ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე მოქალაქეებს მსგავსი შეტყობინებები მიუვიდათ 14 მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს.

მისასალმებელია, რომ მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის საშუალება აირჩიეს, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი გააქტიურება რამდენიმე მიმართულებით კითხვებს აჩენს”,-ნათქვამია განცხადებაში. მუნიციპალიტეტებს შორის მოხვდა ქუთაისი, მერიის მიერ შეტყობინებეი მოქალაქეებს რამდენიმე დღის წინ მიუვიდათ.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი, შეიძლება აღქმული იქნას, როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი გავლენის მცდელობა.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს, მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მსგავსი სერვისის გამოყენება მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდის დასასრულს დაიწყეს.

კითხვის ნიშნებს იწვევს თავად ამ შეტყობინების მიმღებთა პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობაც: მუნიციპალიტეტებს არ განუმარტავთ, რა წყაროებით მოიპოვეს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული პირების პირადი სატელეფონო ნომრები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს - არ გამოიყენონ მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების პირადი მონაცემები იმგვარად, რომ ამან შეიძლება გააჩინოს ეჭვები საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პერსონალური მონაცემების დაუცველობასთან დაკავშირებით და მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, გამოიკვლიოს, როგორ მოიპოვეს მუნიციპალიტეტებმა, მოქალაქეთა სახელზე რეგისტრირებული სატელეფონო ნომრები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა