|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“მუსიკა, მხატვრობა- ეს თავისუფლების და ბედნიერების შეგრძნებაა”

“მუსიკა, მხატვრობა - ეს თავისუფლების და ბედნიერების შეგრძნებაა”- ამბობს 27 წლის მხატვარი, რომელიც  ხატვას და მუსიკას ერთ მთლიანობად აქცევს.  მის ნახატებში ყოველთვის ისმის მუსიკა, მუსიკაში კი შეიძლება დაინახო ფერები. ორი მიმართულება ეხმარება შინაგანი მდგომარეობის გადმოცემაში. ფანქრით დაწყებული ხატვა ვიტრაჟების შექმნით განაგრძო და ძალები მინაზე ხატვაში მოსინჯა. მის შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ახალგაზრდა შემოქმედი ნათია მაღლაკელიძე გვესაუბრება. 

„სხვადასხვა სფეროში ვსაქმიანობ, ვხატავ, ვუკრავ ვიოლინოზე, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებით. ბავშვობიდან ვხატავ, ფანქრითა და ტუშით დავიწყე, შემდეგ მინაზე მუშაობამ გამიტაცა. სხვა ტექნოლოგიაა, სულ ძიებაში ვარ, ხაზის, ფერის, ფორმის, ძალიან საინტერესო პროცესია.  რამდენიმე პერსონალური გამოფენა მქონდა, მათ შორის გამოფენა-პერფორმანსის სახით, სადაც ბნელ დარბაზში, განათებულ ვიტრაჟებთან ერთად ისმოდა მუსიკა, რომელსაც ჯგუფი Chameleon პერფორმანსის ხასიათის, შინაარსის და განწყობის სინთეზში ქმნიდა. მსახიობები კი ჩემს ჩანაწერებს კითხულობდნენ, რომელიც ასევე ნამუშევრებთან ერთად ყვებოდა ამბავს“, - განაცხადა ნათია მაღლაკელიძემ.

ამბობს, რომ საქართველოში ნამუშევრების რეალიზაციაზე საუბარი რთულია, რადგან აქ არ არის შესაბამისი სოციალური გარემო, თუმცა რამდენიმე მაინც გაიყიდა. მისი ნამუშევრები მუდმივად არის გამოფენილი N 2 სამშობიაროში.

 

ნათია მაღალკელიძე ჯგუფ „Four Lines“-ის წევრია. ახალგაზრდა მუსიკოსები საავტორო მუსიკას ქმნიან. მათი ალბომის პრეზენტაცია ტალინში შედგა, ასევე ქმნიან მუსიკას ფილმებისთვის. სურთ გააკეთონ საკონცერტო ტური ევროპის ქვეყნებში. თავად ნათია ვიოლინოზე უკრავს.

„ვუკრავ ჯგუფ „Four Lines“- ში, რომელიც ოთხი წევრისგან შედგება. სამი აკუსტიკური და ერთი ელექტორო ინსტრუმენტი, ვიოლინი, ფლეიტა, ფორტეპიანო და ელექტრო ინსტრუმენტი Seaboard rise. ჯგუფი ქმნის საავტორო მუსიკას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს. ჯგუფმა გამოსცა ალბომი ,,sound of wind”. რომლის პრეზენტაცია შედგა ტალინში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე ,,Tallinn music week”. ჯგუფმა ასევე ჩაწერა მუსიკა ფილმებისთვის, მათ შორის ერთერთი ფილმის ,,აპოლო" პრემიერა დოკუმენტური ფილმის ფესტივალზე Idfa შედგა ამსტერდამში“-განაცხადა ნათიამ.

მისი თქმით, მუსიკა არის კარგი საშუალება განცდების გადმოსაცემად, მით უმეტეს თუ ამ მუსიკას თავად ქმნი, გაქვს შესაძლებლობა, შენი ამბები ჰანგებად აქციო.

„მუსიკის შექმნის პროცესი ძალიან საინტერესო და ემოციურად დატვირთულია.  ერთად ვიკრიბებით და ერთი აზრის, განწყობის გარშემო ვერთიანდებით. ჩვენს სათქმელს გადმოვცემთ სხვადასხვა ხმებით, არ ვართ შეზღუდული სტანდარტებით, ვთავისუფლდებით და ვუკრავთ იმას, რაც ბუნებრივად მოდის. ასე შეიქმნა ალბომი ,,ქარის ხმა", რომელიც სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან კავშირში მყოფ ამბავს აერთიანებს და მთლიანობას ქმნის, რომელსაც პირობითი დასაწყისი და დასასრული აქვს. ასე შეიქმნა მუსიკა ფილმებისთვის და ასე ვქმნით სხვადასხვა ესკიზებს, ჩანახატებს მუსიკაში. ამჟამად ახალ ჩანაწერებზე, ახალ ალბომზე ვფიქრობთ, შესაძლოა, გავაკეთოთ საკონცერტო ტური ევროპის ქვეყნებში. გვინდა, საფესტივალო ცხოვრება გვქონდეს და ვიმუშაოთ კინოსა და თეატრის სფეროში. მუსიკა, მხატვრობა, ეს ყველაფერი ადამიანისთვის გრძნობების, ემოციების, განწყობის გამოხატვის, სათქმელის, ამბის გადმოცემის საშუალებაა, ეს თავისუფლების და ბედნიერების შეგრძნებაა“.-განაცხადა ნათია მაღლაკელიძემ.

  

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა