|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოღასკურას პროექტი განხორციელებულიც რომ ყოფილიყო, ამ დონის ნალექს მაინც ვერ გაატარებდა"

16 ოქტომბერს ქუთაისში მოსული ძლიერი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურას ადიდებისა და ნაპირებიდან გადმოსვლის შედეგად ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიტბორა, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, წყალი შევიდა იუსტიციის სახლში, რომელმაც გაურკვეველი დროით შეაჩერა არსებულ მისამართზე მუშაობა. 

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე ბრალდებებს ქალაქის მერს უყენებს და აცხადებს, რომ მისი ძალისხმევით შედგენილი პროექტის განხორციელება, რომელიც ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშოების ჩატარებას ითვალისწინებდა, ქალაქის მერმა შეაფერხა, რომელმაც პროექტი პრიორიტეტულად არ მიიჩნია.

შოთა მურღულია ნატო ქათამაძის ბრალდებებს არ პასუხობს, თუმცა "ნიუპრესის" კითხვაზე, თუ რატომ არ განხორციელდა მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები და რამდენად არსებობს საფრთხე, რომ იგივე  კვლავ განმეორდეს, პასუხობს, რომ სტიქიური მოვლენებისაგან დაცული არავინ არის, ხოლო ამ მოცულობის ნალექის მოსვლის შემთხვევაში, პროექტი განხორციელებულიც რომ ყოფილიყო, მაინც იგივე მოხდებოდა.   

"სტიქიური მოვლენები ყველგან ხდება, მათ შორის ისეთ მოწესრიგებულ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, პარიზში სენა გადმოვიდა ნაპირებიდან... როდესაც მოდის ამ ოდენობის ნალექი,  ეს პროექტი  გაკეთებულიც რომ ყოფილიყო, ამ დონის ნალექს მაინც ვერ გაატარებდა", -აცხადებს შოთა მურღულია.  

მისი თქმით, საუბარი ოღასკურას მოწესრიგებაზე  ჯერ კიდევ კომუნისტების დროი დაიწყო, თუმცა პრობლემის გადაჭრა მათაც ვერ შეძლეს და გაწმენდითი სამუშოებით შემოიფარგლენ.

"1986 წელს ოღასკურა ადიდდა და გუშინდელზე მეტი ზიანი მიადგა ქალაქს, მაშინ დაგეგმეს  გაწმენდითი სამუშაოები და მას შემდეგ, ყოველწლიურად იწმინდება მდინარე, წელსაც გაიწმინდა, გათავისუფლდა ხეებისა და ნარჩენებისგან. პრობლემაა, რომ 90-იანი წლებში მოხდა მიმდებარე ტერიტორიის ქაოტური განაშენიანება. ასამდე ერთეული ავტოფარეხი, მაღაზია და სხვა ნაგებობებია მოწყობილი მასზე, რაც უნდა მოიხსნას, სხვანაირად, მდინარის კალაპოტი ვერ გაფართოვდება, ეს კი სოციალური პრობლემაა, მისი მეპატრონეებისათვის  რთულად ასახსნელი თემა იქნება.

თუ ნახავთ, ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც ოღასკურა გადის, ეზოებშიც რომ შეხვიდეთ, ავტოფარეხები არის მდინარეზე გადადგმული, ასევეა ბუხაიძეზეც. მდინარემ მეტი წყალი რომ გაატაროს, უნდა მოხდეს მისი გაღრმავება, ან კალაპოტის გაგანიერება. გაცილებით უკეთესია კალაპოტის გაგანიერება. 

მდინარემ მეტი წყალი რომ გაატაროს, ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რომელიც 2, 5 მლნ ლარზე მეტი ჯდება. პროექტი ითვალისწინებს, რომ კალაპოტი მოექცეს ბეტონში.  თუმცა, გუშინ ვნახეთ, ამ ოდენობის ნალექი თუ წამოვა, ესეც ვერ უშველის.  გუშინ იმხელა ნალექი მოვიდა, რომ იუსტიციის სახლთან და პარლამენტთანაც გადმოვიდა ოღასყურა, რაც აქამდე  არ მომხდარა. იქ არის  ბეტონის კალაპოტი, თუმცა ამ შემთხვევაში, ამან ვერ უშველა.

ქალბატონი ნატო ითხოვდა, რომ გამარჯვების მუნიციპალიტეტში მომხდარიყო ბეტონის გაკეთება. იქედან კი არ უნდა დაიწყოს, არამედ ავტოქარხნის ბოლოდან.  როგორ წარმოგიდგენიათ, შუა ნაწილიდან რომ დავიწყოთ რაიმეს კეთება? ამასთან, ბეტონიდან გადმოვა წყალი, თუ მიწის გრუნტიდან, ამას რა მნიშვნელობა აქვს?", -აცხადებს შოთა მურღულია. 

ქალაქის მერის თქმით, მდინარის კალაპოტის გაწმენდა, ანუ დაღრმავება,  შარშან დაიწყეს და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რომ ძლიერ წვიმების დროს  წყალი არ გადმოვიდეს, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს რომ წყალდიდობა აღარ იქნება. "მსგავსი ანომალიების დროს,  გვახსოვს ჩვენ, რომ რიონიც გადმოსულა კალაპოტიდან", -აღნიშნა მან.  

"რა შეეხება იმ პროექტს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ის პროექტი განხორციელებულიც რომ ყოფილიყო, ამ დონის ნალექს  ვერ ავირიდებდით, მაშინ ორჯერ დიდი კალაპოტი უნდა გაკეთდეს, რაც შეუძლებელია", -განაცხადა შოთა მურღულიამ. 

 

"ნიუპრესის" კითხვაზე, იყო თუ არა ოღასკურა პრიორიტეტი,  შოთა მურღულია პასუხობს, "ოღასკურას გაკეთება იყო პრიორიტეტი,  თუმცა 2, 5 მლნ იყო საჭირო, მაშინ არ უნდა გამეკეთებინა საბავშვო ბაღები და სხვა პროექტები".

მერის განმარტებით, მართალია, მსგავს პროექტებს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს, თუმცა არსებობს ლიმიტი, რომელშიც უნდა ჩაეტიო. 

ფაქტია, არსებულ ლიმიტის ფარგლებში ქალაქში სხვა პროექტები განხორციელდა, მათ შორის საბავშო ბაღების მშენებლობა, რომელიც ქალაქისათვის, ასევე ძალიან მნიშვნელობანია. მოხვდება თუ არა მომავალი წლის პრიოტიტეტებში ოღასკურას პროექტი, ეს ჯერ კიდევ არაა ცნობილი. 

 

 

ამ თემაზე: წვიმის შედეგები სოციალურ ქსელში [VIDEO]

ოღასკურა–პატარა მდინარე დიდი პრობლემებით

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა