|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორშაბათიდან ქუთაისის მასშტაბით არსებული ობიექტების შემოწმება დაიწყება

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, ორშაბათიდან ქალაქის მასშტაბით ობიექტების შემოწმება იწყება.   „რეკლამის შესახებ“  კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში,   ობიექტის მფლობელებს გაფრთხილება და ერთთვიანი ვადა მიეცემათ, ხოლო თუ პრობლემას  არ გამოასწორებენ,  საქმე სასამართლოში გადაიგზავნება.

ჯავახიას განცხადებით, მერიას დაჯარიმების მექანიზმი არ აქვს და ჯარიმას სასამართლო აწესებს.

"ორშაბათიდან ვიწყებთ ობიექტების მონიტორინგს, გამოვლინდება კანონდამრღვევები და მათ გამოსასწორებლად ვადა მიეცემათ. თუ ამ ვადებში არ გამოასწორებენ,  საქმე გადაეცემა სასამართლოს. ჩვენ არ გვაქვს დაჯარიმების უფლება და ჯარიმის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს",-განაცხადა ჯავახიამ. 

რეკლამის  შესახებ კანონის დარღვევისთვის ქუთაისში 2017 წელს  ერთი შპს და ერთი მოქალაქე დაჯარიმდა. კანონის დარღვევის გამო გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის გამო შპს 300  ლარით, მოქალაქე კი 200 ლარით დაჯარიმდა.

მერიის ინფორმაციით, წინა წელს ობიექტებზე სახელწოდების ქართული შრიფტით არარსებობის გამო სასამართლომ გაფრთხილება 9 შპს-ს და ოთხ მოქალაქეს მისცა.

წინა წლების მონაცემებით, ქუთაისში 3 500-მდე  მაღაზია, , კვების ობიექტი, სასტუმრო და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება იყო.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ვალდებულს ხდის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა კომპანიას, რეკლამირება ქართულ ენაზე მოახდინოს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი