|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოთხ საარჩევნო უბანზე დღეს განმეორებითი კენჭისყრა იმართება

ორი საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე დღეს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება. პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებისათვის განმეორებით კენჭისყრა დღეს ტარდება. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება.

№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

რაც შეეხება, ამომრჩეველთა რაოდენობას, მარნეულის 48-ე უბანზე რეგისტრირებულია 1436 ამომრჩეველი, ზუგდიდის 38-ე უბანზე 1145 ამომრჩეველი, ზუგდიდის 79-ე უბანზე 925 და ზუგდიდის 108-ე უბანზე 774 ამომრჩეველი.

8 ოქტომბერს, ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნების ღამეს უბნის დარბევა მოხდა და ამის გამო არჩევნები ჩაიშალა. განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე კი, უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის დროს უბანი დატოვა, შემდეგ დაბრუნდა და ხმები დაითვალეს, თუმცა საბოლოოდ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უბნის შედეგები ბათილად ცნო. სწორედ ამ გარემოებების გამო გახდა საჭირო ორივე სოფელში განმეორებითი არჩევნების ჩატარება.

რაც შეეხება მარნეულს, სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე უბანზე 8 ოქტომბერს დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. აღნიშნული უბნის შედეგები ასევე გაბათილდა.

ავტორი: ნიუპრესი