|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პირადად მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას"- მოსკოვის თეატრის რეჟისორი მარკ როზოვსკი ოკუპაციის შესახებ

მე განვიცდი სირცხვილის გრძნობას,  როდესაც ჩნდება უსამართლობა, მაშინ ჩვენ, ხელოვნების ხალხი, ვალდებული ვართ, ვიგრძნოთ სირცხვილი ამის გამო -ასე გამოეხმაურა მოსკოვის თეატრის რეჟისორი მარკ როზოვსკი ოკუპაციის თემას. 

 მას შემდეგ, რაც ანტისაოკუპაციო აქციის პარალელურად, მოსკოვის თეატრის ,,ნიკიტკის კარიბჭე" მსახიობებმა  ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი წარადგინეს, რეჟისორმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა. 

მარკ როზოვსკის განცხადებით,  წარმოდგენილ სპექტაკლში, რომელიც ცნობილი რუსი მწერლის, ნობელის პრემიის ნომინანტის  ლუდმილა ულიცკაიას ნაწარმოების მიხედვით არის დადგმული, ადამიანობა იმარჯვებს სიძულვილზე. რეჟისორის თქმით, მსგავსად ამ სპექტაკლისა, ადამიანობამ უნდა სძლიოს სიძულვილს, ხოლო ხელოვანი ადამიანები  გაერთიანდნენ ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ. 

"სიძულვილი არაფრის მომცემია. პირადად მე განვიცდი ერთგვარ სირცხვილის გრძნობას.  ეს არის ძალიან კარგი გრძნობა, როდესაც ჩნდება უსამართლობა, მაშინ ჩვენ, ხელოვნების ხალხი, ვალდებული ვართ, ვიგრძნოთ სირცხვილი ამის გამო. ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ბოროტებას, უსამართლობას, მუხთლობას. ჩვენ გვაერთიანებს ადამიანობა", - განაცხადა მარკ როზოვსკიმ. 

მისი თქმით,  ლუდმილა ულიცკაიას ეს ნაწარმოები მოსკოვში მხოლოდ მათ თეატრში დაიდგა. ნაწარმოები ებრაელთა ცხოვრების შესახებაა. 

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის განცხადებით, მარკ როზოვსკი არის ის ხელოვანი,  ვინც  2008 წლის ომის შემდეგ პირველმა დაუჭირა  მხარი საქართველოს.

„სწორედ მან დადგა ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მოსკოვში. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ხმამაღლა გამოთქვა თავისი პროტესტი ამით. ის არის ადამიანი, ვინც ყირიმის ანექსია დაგმო და საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი. ის არის თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი რუსეთში. მისი თეატრი დამეგობრებულია ჩვენს თეატრთან”, - განაცხადა კოტე აბაშიძემ. 

შეგახსენებთ, მოსკოვის თეატრის ქუთაისში გასტროლი გააპროტესტა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "რუსეთი ოკუპანტია", ანტისაოკუპაციო სტიკერები დაარიგეს მსახიობების ნაწილმაც.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა