|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალაქ-მუზეუმი და მოგებაზე გათვლილი პროექტები

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს 300-მდე შენობა-ნაგებობა და ძეგლი ატარებს. მათგან უმეტესობა ცენტრალურ ნაწილში იყრის თავს, რაც სიმბოლურად ქალაქ-მუზეუმის სახელის ქვეშ ერთიანდება. ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილი ძეგლები განადგურების და გადაფარვის საფრთხის წინაშეა. ქალაქ-მუზეუმში  წლების განმავლობაში მიმდინარე თანამედროვე სტილის მშენებლობები კი არსებული  სივრცითი მოწყობის რღვევას თვალსაჩინოს ხდის

როგორ უნდა მოხდეს ქალაქის ისტორიულ ნაწილში თანამედროვე შენობების განთავსება?  საკითხისადმი  არასათანადო დამოკიდებულების შესახებ საუბრობს არქიტექტორი გია ხუჯაძე, რომლის განცხადებითაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში  დაწყებული არცერთი მშენებლობა გათვლილი არ არის ძველი ქუთაისის არქიტექტურაზე.

"ორ და სამსასრთულიანი მშენებლობების დრო დამთავრდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალმა მრავალსართულიანმა მშენებლობებმა ძველი უნდა გადაფაროს, პირიქით, ახალი მშენებლობები უნდა ემსახურებოდეს არსებული ძეგლების წარმოჩენას უკეთ, ამით არ უნდა დაირღვეს საერთო სივრცე და არ უნდა დაიკარგოს ისტორია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ არცერთი ხელისუფლებას, არცერთი პასუხისმგებელი ორგანო არ ზრუნავს ამ პრობლემაზე. მოთხოვნა გაზრდილია ცენტრზე, რადგან მოდურია ცენტრში ცხოვრება, ამიტომ ხდება ყველა ადგილის ათვისება, რასაც ეწირება ქალაქ-მუზეუმი.

ბოლო წლებში განხორციელებულ ვერცერთ შენობას ვერ გავიხსენებ, რომ  შესაბამისობაში მოდიოდეს ქალაქ-მუზეუმთან.  არცერთ შენობაზე ნაფიქრი არ არის,   გათვლილია მხოლოდ ფულზე და მოგებაზე. ბოლო გახმაურებული მშენებლობა, "მაკდონალდსი" რაც საერთოდ არ შეეფერება იმ ადგილს, ასევე მუზეუმის ყოფილ შენობაში იგეგმება თანამედროვე სასტუმროს მოწყობა, ზემოთ აშენდება ეკლესია.  სრული გაუგებრობაა,  ირღვევა კომპოზიცია და იკარგება  ამ ადგილის ხიბლი",-განაცხადა გია ხუჯაძემ.

 ფოტოზე: არქიტექტორი გია ხუჯაძე

არქიტექტორის თქმით, ქალაქ-მუზეუმში მიმდინარე მშენებლობების პრობლემა არა მხოლოდ არასწორ პროექტირებაში, არამედ რეკრეაციული და პარკირების ზონების არარსებობაში გამოიხატება.

"არ არის გათვლილი რეკრეაციული ზონა, არ არის გათვლილი პარკირება. ზედ ქუჩის პირას მიდის მშენებლობა. ასეთია თამარ მეფის ქუჩაზე, კინო "საქართველოს“ გვერდით მიმდინარე მშენებლობა, რომელმაც დაამახინჯა უკვე ეს შენობა. ცუდი პროექტია "არგო", რომელიც "ოქროს ჩარდახთან" შენდება და რომელიც მხოლოდ მოგებაზე გათვლილი.  ერთადერთი პროექტი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ნაფიქრია, არის თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილი პოლიციის შენობის ადგილზე მიმდინარე მშენებლობა. მანდ გათვლილია ეზო, პარკირება, იერსახე და არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ფასადური მშენებლობები დაიწყო. ასე ხდებოდა წინა წლებში. პუშკინის ქუჩაზე, კარგია, რომ რეაბილიტაცია მოხდა, მოსაწონიც არის, მაგრამ შენობის ნაწილს არ აქვს მისასვლელი, არ აქვს სველი წერტილი და უფუნქციოა"-განაცხადა გია ხუჯაძემ. მისი თქმით, რანგირებას თუ მოვახდენთ, პირველი პასუხისმგებლობა მოდის ადგილობრივ მთავრობაზე, შემდგომ არქიტექტურებისა და ბიზნესმენებს და ბოლოს მოსახლეობაზე, რომელიც მხოლოდ დაგვიანებით აპროტესტებს.

 

  ფოტოზე: მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსი თამარ მეფის ქუჩაზე

მისივე განცხადებით, ამჟამინდელი მთავრობის პირობებში არ ხდება რეკომენდაციისთვის გასაუბრება კომპეტენტურ პირებთან,  არ ხდება მათი მოსაზრებების გათვალისწინება. ხუჯაძე ამის მაგალითადაც მერიის მიერ შემუშავებული "სტრატეგიული განვითარების გეგმას“ ასახელებს.  მისივე განცხადებით, გეგმაზე მუშაობაში არ ყოფილან ჩართული არქიტექტორები და ის უბრალოდ, უკვე არსებულ კანონთა ერთობლიობაა, რომელიც მერიამ მუშაობად ჩაიწერა.

გია ხუჯაძე ვარაუდობს, რომ მსგავსი ტემპით მშენებლობები რამდენიმე  წელში დიდ ქალაქებს პრობლემებს შეუქმნის და მრავალსართულიანი მშენებლობები ქალაქებს ხიბლს დაუკარგავს.

 

   

 ფოტოზე: "მაკდონალდსის" მშენებარე შენობა ცეცნტრალურ მოედანთან

სხვაგვარად აცხადებს უბნის მაჟორიტარი დეპუტატი თეიმურაზ ნადირაძე, რომლის თქმითაც, მიტოვებული და მოშიშვლებული ადგილების ათვისება მისასალმებელია. "რთული უბანია,  რა მშენებლობაც დაიწყო,  ყველაფერზე პროტესტი იყო,  თუ ასეა, მაშინ უნდა გავჩერდეთ და არაფერი ვაკეთოთ. პროტესტი იყო  "არგოს" გარშემო, რომელიც, საბოლოო ჯამში, გამოჩნდა, რომ არ არღვევდა არანაირ კანონს, "მაკდონალდსი", რომელსაც არ ვთვლი, რომ იდეალურია, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო, ადგილზე სამ მილიონ ნახევარი ლარის ინვესტიცია ჩაიდო, სადაც ახალგაზრდები დასაქმდებიან, რაც,  საბოლოო ჯამში, შეიძლება დადებითად შეფასდეს,  აშენდება ეკლესია და  მუზეუმის ყოფილ შენობის ადგილზეც იგეგმება მშენებლობა"-განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.

ქალაქში პროექტების შეუსწავლელობას არ ადასტურებენ მერიაში და აცხადებენ, რომ ყველა საკითხი წინასწარ შესწავლილი და გათვლილი იყო. მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, არცერთი პროექტი არ მიმდინარეობს წინასწარი შესწავლის გარეშე. ქალაქ-მუზეუმში მშენებლობის კოეფიციენტი 3.5 K 2-ია და მშენებლობები ამ კოეფიციენტის მიხედვით მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველა პროტესტი ოპოზიციის მართული იყო. 

"როდესაც შემოდის პროექტი, წინასწარ ხდება მისი შესწავლა, როგორ მოდის შესაბამისობაში და როგორ არის დაცული კანონი, ამის შემდეგ ვამზადებთ ნებართვას, თუ შეუსაბამობა იქნება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება მშენებლობა. ამით არ სრულდება ჩვენი ჩართულობა, შემდეგ მიდის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დაჯარიმებაც. "მაკდლონალდსი" და "არგო'", რასაც მოყვა აქციები, რომელიც იყო ოპოზიციის მართული, თორემ არ დარღვეულა არაფერი. შეთანხმებული იყო  ყველა უწყებასთან, მათ შორის "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან", რაც შეეხება აღნიშნულ უბანში მშენებლობის კოეფიციენტს, არის 3.5 K2  და ამით მიმდინარეობს მშენებლობა, სხვაგვარად ვერ მოხდება ვერცერთ პროექტზე ნებართვის მიცემა", -განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ქუთაისის მერიაში "სტრატეგიული განვითარების გეგმა-2021" შეიქმნა, რომელიც ქალაქის გენგეგმის წინაპირობაა. მასში დეტალურად არის ასახული პრიორიტეტები და გამოწვევები, რის წინაშეც დგას ქალაქი. მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, განაშენიანების გეგმა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ზუსტი თარიღი, როდის იქნება განაშენიანების გეგმა, უცნობია.

ფოტოზე: ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი 

"გენგეგმის მომზადებას, სავარაუდოდ,  ორ მილიონ ლარამდე დასჭირდება.  ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები,  ხდება დოკუმენტაციის შედგენა, რა გვჭირდება, რა არის და რა  არა.  ამის შემდეგ მომზადდება ტექნიკური დავალება, რაც ითვალისწინებს, ვადებს და ეტაპებს, თუ როგორ და რა ვადებში უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირია. თანხების მობილიზება ერთბაშად შეუძლებელი იქნება და მიზანშეწონილია სხვადასხვა ეტაპები განხორციელდეს. თანხების არსებობის შემთხვევაშიც, 18-დან 24 თვე ჭირდება გენგეგმის შესრულებას.  რაც    შეეხება სტრატეგიული განვითარების გეგმას,  არის საფუძველი იმისა, რომ გენგეგმა მომზადდეს და განისაზღვროს,  რა ნაწილშია შესაძლებელი მუშაობა და რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა განხორციელდეს. განსაზღვრულია ყველა მარეგულირებელი ნორმები,  მშენებლობის კოეფიციენტები და ზოგადად თამაშის წესებს განსაზღვრავს ქალაქის მშენებლობაში.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" არსებული კანონი იცავს. კანონში ვკითხულობთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანე, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია, რაც ემყარება შემდეგ პრინციპებს.

ამ კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და აღრიცხვა თანხებთან არის დაკავშირებული. უმეტეს შენობას არ აქვს აბრა, რომელიც მის სტატუსზე მიანიშნებს, ამიტომ ხშირად მოსახლეობამ არც იცის, რომ მისი საკუთრება კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და მით უმეტეს არ იცის, რომ ყველა სახის მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს. ამიტომ გაუაზრებელ და ზოგჯერ მიზანმიმართულ ვანდალიზმს ისტორიული ძეგლები ეწირება.  ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს უფლებამოსილება ძეგლს მიანიჭოს, ან მოხსნას სტატუსი. სააგენტოსთან ურთერთობა კი ბარიერებთან და დროსთან არის დაკავშირებული, რის გამოც ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ბუნებრივად ქრებიან. მათი ნაწილი მიტოვებული და მოუვლელია.

 

სახლი ნიუპორტის ქუჩაზე

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი