|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქალაქის მერია ახალგაზრდულ პროგრამებს მაქსიმალურად ხელს შეუწყობს“-ოთარ ლორთქიფანიძე

ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდული საქმის და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ კულტურის ბიუჯეტისა და იმ პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქალაქის თვითმმართველობისთვის პრიორიტეტული გახდება.  

"მნიშვნელოვნად გაიზარდა ის თანხები, რომელიც ახალგაზრდული ღონისძიებების ხარჯვით ნაწილს შეეხება.  თვითმმართველობა ქუთაისელ ახალგაზრდებს აძლევს იმის შანსს, რომ მათი იდეების მთავარი დამფინანსებელი ქალაქის მერია გახდეს. ახალგაზრდული ინიციატივები იქნება ჩვენი პრიორიტეტი. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, ორი მაისის ღონისძიება იქნება მასშტაბური ხასიათის და რა თქმა უნდა, გაიზარდა დაფინანსებაც. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია იმ თანხებში, რომლებიც სტუდენტებისა და მოსწავლეების ზამთრისა და საზაფხულო სკოლებს აფინანსებდა. ზაფხულში ქუთაისის მერია უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ბანაკის შექმნას, რომელთა ბენეფიციარებიც იქნებიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული, სოციალურად დაუცველი ბავშვები. ღონისძიებებისთვის განკუთნილი თანხა 2-3 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული", -აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

 მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ახალგაზრდული პროექტის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 90 000 ლარით გაიზარდა.

„თავისუფალი ინიციატივები ახალგაზრდებისთვის“ პროგრამის ბიუჯეტი გასულ წელს 10 000 ლარს შეადგენდა,  2018 წლის ბიუჯეტში კი პროგრამისთვის 100 000 ლარი იქნება გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ქალაქის მერია ხელს შეუწყობს ახალგაზრდული იდეების განვითარებას“, -განაცხადა ლორთქიფანიძემ.

2018 წლის ბიუჯეტში სპორტული ღონისძიებებისთვის 703 000 ლარი იქნება გამოყოფილი,  კულტურული ღონისძიებებისთვის მილიონ ლარზე მეტი, ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამებისთვის კი  210 000 ლარია განსაზღვრული.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე