|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართულ–გერმანული ცენტრი 20 წლისაა

 

ქართულ–გერმანულ ცენტრს 20 წელი შეუსრულდა.  საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ქუთაისში გერმანიიდან რამდენიმე დელეგაცია ჩამოვიდა. დღეს ისინი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო.  ქალაქის მერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ საქველმოქმედო საქმიანობისათვის, რასაც გერმანული მხარე ქუთაისში 20 წელია ეწევა.

"ეს ცენტრი 20 წელია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მის დახმარებით არაერთ ოჯახს აღმოუჩნდა მეურვე. გერმანიაში არიან ადამიანები, რომლებიც ქართველებს ეხმარებიან, როგორც ტანსაცმლითა და პროდუქტით, ასევე თანხით. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ გაწეული დახმარებისათვის და ქართულ–გერმანული ცენტრის 20 წლის იუბილეს რამდენიმე ღონისძიებით ვხვდებით",–განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქართულ–გერმანული ცენტრის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანლის ნანა მეგრელიშვილის განცხადებით, 20 წლის იუბილეს მასშტაბურად აღნიშნავენ. ქუთაისს ცენტრის გერმანელი წარმომადგენლები, მოხალისეები და პარტნიორები ეწვევიან.

გერმანელები დღეს ბავშვთა ცენტრს ეწვევიან და აღსაზრდელებს საჩუქრებს გადასცემენ. ხვალ კი გერმანიის ელჩი ეწვევა ქუთაისს. წერეთლის უნივერსიტეტში მოხდება საქველმოქმედო გამოფენა–გაყიდვა, ასევე ნაჩვენები იქნება 20 წლიანი მუშაობის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი