|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულ ოცნებაში თუ ჰგონიათ, ისევ მხარს დავუჭერ, ძალიან ცდებიან" -გოგი წულაია

"ნიუპრესი" აგრძელებს ქუთაისის მერობის კანდიდატების მკითხველისათვის გაცნობას. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი (გოგი) წულაიასთან. ის 2017 წლის  თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის პოსტისთვის საარჩევნო ბლოკიდან - "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო" იბრძვის.  


-როგორ ფიქრობთ, რა არის ქალაქისთვის  მთავარი გამოწვევა?

-ქალაქის მთავარი და უპირველესი პრობლემა მისი უფუნქციობაა, ქალაქს არ აქვს ფუნქცია და განსაზღვრული სტრატეგია, თუ როგორ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები. ამ სტრატეგიის შემუშავება და ქალაქის ადგილისა და ფუნქციის მოძებნა იქნება ჩემი პირველი ამოცანა. 

-როგორ აპირებთ ქალაქისთვის ფუნქციის დაბრუნებას?

-მთავარია ქალაქი გახდეს ნამვდილად თვითმმართველი და არა ისეთი, როგორიც ახლა არის. ქალაქის თვითმმართველობა ეს არის ბუტაფორია. ყველგან თვითმმართველობას იმდენი შემოსავალი გააჩნია, რომ თვითონ არის მისი თავის პატრონი. სხვაგვარად ქალაქი ცენტრზე იქნება დამოკიდებული, ყველა ნორმალურ ქალაქში, ქალაქის შენობები ქალაქს ეკუთვნის და არა ეკონომიკის სამინისტროს. ქუთაისში უამრავი შენობაა, რომლის ბედს ეკონომიკის სამინისტროში მჯდომი ვიღაც ჩინოვნიკი წყვეტს,   ვიბრძოლებ, რომ ეს შენობები გადმოეცეს ქალაქს, საჭირო იქნება სივრცეში მაჟორიტარების დახმარება. 30 000 ხმით შეიძლება პარლამენტში კანონპროექტის წარდგენა,  ყველანაირად ვიბრძოლებ, რომ ქალაქში დარჩეს ის გადასახადები, რომელიც მთლიანად მიემართება თბილისში. ჩემი მიზანია ქალაქი ნამდვილად თვითმმართველი გახდეს და სწორედ ეს დაბრუნებს ქუთაისს ფუნქციას. 

-საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსი ხართ, იქნება თუ არა თქვენი აქტიურობა გამარჯვების გარანტი და ელოდებით თუ არა მეორე ტურს?

-რა თქმა უნდა, ამ წლების აქტიურობა გამარჯვების საწინდარია.  ქუთაისელი ამომრჩევლისთვის ნათელი მაგალითი უნდა იყოს ის, რომ მარტო არჩევნებზე კი არა, ყოველთვის მტკიოდა ქუთაისის გასაჭირი - ორმოები, ფასადებიდან ჩამოყრილი აგურები და დაბინძურებული გზები. რა თქმა უნდა,  აქტიურობა ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ამომრჩევლისთვის, უნდა მიხვდეს, ვინ ზრუნავდა არჩევნების გარეშე და ვის გაახსენდა არჩევნების დროს, რომ თურმე 24 საათიანი წყალი და სუფთა ქუჩები საჭიროა.

ვფიქრობ, რომ მეორე ტური აუცილებლად გაიმართება. მთავარი კონკურენტი მმართველი პარტიიდან მყავს, რადგან მას ბევრად მეტი ადამიანური რესურსი აქვს, ვიდრე მე. ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსიც. ეს არის კონკურენტურიანი თორემ როგორც პიროვნებას მას კონკურენტად არ აღვიქვამ. ქუთაისში 1%-მა თუ იცის ვინ არის გიორგი ჭიღვარია, გოგი წულაიას კი 80% მაინც იცნობს.

-გასულ წელს მაჟორიტარობისთვის იბრძოდით და მეორე ტურში კი თქვენი მხარდაჭერა  ქართული ოცნების კანდიდატს კობა ნარჩემაშვილს გამოუცხადეთ. წელს თუ მოხდება იგივე?

 -ის ნაბიჯი სადაო შეიძლება იყოს. არსებული სიტუაციიდან შეიძლება სხვადასხვა შეფასებები გაკეთდეს, არ ვამბობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. საერთოდ ბოიკოტი უნდა გამომეცხადებინა. მაშინ სხვა თვალით ვუყურებდი. თუ კი მაგათ ჰგონიათ, რომ წელსაც ეგრე დავუჭერ მხარს და მერე ვუყურებ, როგორ ანადგურებენ ქალაქს, ძალიანაც შემცდარან.
თუმცა, არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ მოვლენებზე ჯერ ნამდვილად ვერ ვისაუბრებ.

ხელისუფლება ცდილობს, რომ "ევროპული საქართველო" გააცოცხლონ და ასევე რეზერვში "ნაც. მოძრაობა" ჰყავდეს, რადგან ყოველთვის აძახონ ხალხს, ჩვენ თუ არ ვიქნებით ნაცები მოვლენო. თუმცა, საკუთარ ბადეში ეხვევიან. 

-როგორი მერი იქნება გოგი წულაია?
-გოგი იქნება ჩვეულებრივი მერი, ისეთივე როგორიც ამ წუთს ვარ. ვპირდები ყველას, რომ ვივლი ჩემი მანქანით, შუადღეზე ჩვეულებრივ გავალ რომელიმე სასადილოში, ჩვეულებრივადვე ვიყიდი ყველს ბაზარში. საღამოს 6-მდე ვიმუშავებ, არ მოვისხამ მანტიას რომ ეს თურმე ტანჯვა და უბედურებაა. დავამავრებ ექვსზე. ექვს საათამდე რომ არაფერი გაუკეთებია, ექვსის მერე რას გააკეთებს? ვიმუშავებ ექვს საათამდე, მერე წავალ და ბიჭებთან ერთად დომინოს ვითამაშებ.
ჩვეულებრივი გოგი ვარ, ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და არაფერმა შემცვალა. თუ არ მოგწონთ ასეთი გოგი ჩავიცმევ შარვალ- კოსტუმს და ვივლი თავაწეული.

-დარჩებით თუ არა აქტიურ პოლიტიკაში დამარცხების შემთხვევაში?

-რა თქმა უნდა! მე სხვა არაფერი ვიცი, 1988 წლიდან აქტიურ პოლიტიკაში ვარ და დამარცხების შემთხვევაშიც ასე დარჩება. დამარცხებულის ფლანგიდან ვიბრძოლებ ქალაქისთვის. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე