|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წლების წინ გარდაცვლილები ამომრჩეველთა სიაში რჩებიან

ქუთაისის #48 საარჩევნო ოლქში „ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისათვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ცამციშვილი მის ოლქში ამომრჩეველთა სიებში არსებულ უზუსტობებზე საუბრობს. ცამციშვილის განცხადებით, მათი კოორდინატორების მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  15 საარჩევნო უბანის სიებში 130 გარდაცვლილი დაფიქსირდა, მათგან ნაწილი 7-8 წლის წინ გარდაცვლილია. 

ცამციშვილის განცხადებით, ამ ადამიანების სიიდან ამოღება უნდა მოხდეს, ან მიეთითოს მაინც სიაში, რომ ეს პირები გარდაცვლილები არიან, რომ არ მოხდეს მათ ნაცვლად ხმის მიცემა. "მინიმუმ, მშვიდად მაინც უნდა ვიყოთ, რომ ეს ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ",-აცხადებს ცამციშვილი.

"სახელმწიფოს პოლიტიკა არ გადის ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე", - აცხადებს  ცამციშვილის შტაბის უფროსი ვანო კაპანაძე.  მისი თქმით,  ამომრჩეველთა სიაში კვლავ მრავლად რჩებიან გარდაცვლილები.  "48-ე საარჩევნო ოლქში არის 41 საარჩევნო უბანი, ჩვენ ჯერჯერობით 15 უბნის მონაცემები წარმოვადგინეთ, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა უბნებზე", -აღნიშნა კაპანაძემ.

#59 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ავთანდილი ოსეფაიშვილი  სიებში მკვდარი სულების არსებობას იმით ხსნის, რომ ხშირ შემთხვევაში, პირის გარდაცვალების შესახებ  ოჯახი არ აცნობებს საჯარო რეესტრს, რის გამოც ხდება ამ პირების სიაში დარჩენა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურტი პარტიები მათ მიერ მოპოვებულ მონაცემებს გადაუგზავნიან, ინფორმაციას ცესკოს გადასცემენ, რის შემდეგაც შესაძლებელია, რომ სიების გასწორება მოხდეს.

 "როდესაც გარდაცვალების  ცნობას იღებენ  საჯარო რეესტრიდან, ავტომატურად ხდება იმ ადამიანის  სიიდან ამოღება. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მიერ არ ხდება ამ ცნობის აღება, მაშინ პიროვნება რჩება სიაში. ასეთი შემთხვევებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში არის განაცხადის ფორმა, რომელიც ივსება ოჯახის წევრების მიერ, სადაც ხდება დაფიქსირება მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ. ამის შემდეგ ხდება საუბნო კომისიიდან საოლქოში, შემდეგ კი ცესკოში ინფორმაციის მიწოდება", -განაცხადა ოსეფაშვილმა. 

 მისი თქმით, ასეთი შემთხვევები მხოლოდ 48-ე ოლქში არ იქნება, ეს იქნება სხვა საარჩევნო ოლქშიც.

 "კარგი იქნება, პოლიტიკური პარტიები თუ ჩვენ მოგვაწოდებენ  ამ მონაცემებს, რის შემდეგაც ჩვენ მათ გადავცემთ ცესკოს", -აცხადებს ის. ამასთან,  #59  ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ  სიებში არსებული უზუსტობები არ არის იმ მასშტაბის, რომ მან არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოახდინოს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა