|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების ვადა შეიცვალა

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების ვადამ გაურკვეველი დროით გადაიწია.

სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება თავდაპირველად 2018 წლის იანვარში იგეგმებოდა. შემდეგ ვადამ გაზაფხულამდე გადაიწია, თუმცა როგორც ირკვევა, გაზაფხულზეც ვერ მოესწრება. 

 სამშენებლო კომპანია „ანაგში“ განაცხადეს, (აღნიშნული კომპანია ახორციელებს ახალი ტერმინალის მშენებლობას) მშენებლობის დასრულების გადაწევის მიზეზი ის ცვლილებები გახდა, რომელიც პროექტში შევიდა.
„პირველი ეტაპის სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება, თუმცა დასრულების ვადებმა გადაიწია. მიზეზი გახდა ის, რომ პროექტმა საკმაოდ დიდი და რადიკალური ცვლილება განიცადა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. ველოდებით უკვე შეცვლილ პროექტს, რომელიც მოცულობით გაიზარდა. შიდა სამუშაოები შეიცვალა, სამშენებლო ფართი დაემატა. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - აცხადებენ „ანაგში“.

მათივე ინფორმაციით, მშენებლობის პირველი ეტაპი როდის დასრულდება, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც სამშენებლო კომპანიას შეცვლილ პროექტს მიაწოდებენ.

რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, პროექტის გაფართოებასთან ერთად, მასში რა სახის ცვლილებები შევიდა, ეს ჯერჯერობით უცნობია.

გასული წლის 3 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში საზეიმოდ დააანონსა, რომ ზუსტად 364 დღეში აეროპორტში მოხვედრა ახალი სარკინიგზო მაგისტრალით მოხდებოდა. თუმცა ერთი წლის შემდეგ, ეს ვერ მოესწრო და როგორც პრემიერმა რამდენიმე დღის წინ გაანცხადა, რკინიგზა 2019 წელს გაიხსნება.

მაშინ ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ტერმინალის მშენებლობის მიზეზად  მგზავრთნაკადის ზრდა დასახელდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს ქუთაისის აეროპორტი 405 173 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი - 271 363 მგზავრს. შესაბამისად, 2017 წელს ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტში 2016 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 49,31%-ით გაიზარდა, ხოლო 2015 წელთან შედარებით - 121%-ით.
რაც შეეხება 2018 წლის პირველ კვარტალს, წელს 3 თვეში მგზავრთნაკადი 15%-ით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67,892 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 78, 020 მგზავრი შეადგინა. 

bpn.ge

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა