|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაღების თანამშრომლების ხელფასები 20–30 პროცენტით გაიზარდა

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების ფილიალების თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. 37 ფილიალის 1 598 თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს თებერვლიდან მიიღებს. ხელფასები 20–30 პროცენტით გაიზარდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, გაერთიანების ბიუჯეტის სახელფასო ფონდი მიმდინარე წლეს 855 250 ლარით გაიზარდა. საერთო ჯამში კი, გაერთიანების ბიუჯეტმა 9 740 000 ლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორღქიფანიძემ ისაუბრეს.

ქუთაისის მერის განცხადებით, თავდაპირველად სახელფასო ფონდის გაზრდა 300 000 ლარით იგეგმებოდა, თუმცა ეკონომიებით მიღებული თანხების გამო შესაძლებელი გახდა ფონდის 855250 ლარამდე გაზრდა.

"გაზრდილ ხელფასს საბავშვო ბაღებში სხვადასხვა თანამდებობებზე მომუშავე ყველა პირი მიიღებს. ხელფასები დიფერენცირებულია და განისაზღვრა მათი დატვირთვისა და სამუშაო დროის მიხედვით. ყველაზე მეტად კი თანაშემწეებისა და მზარეულების ხელფასები გაიზრდება, რომლებსაც მეტი სამუშაო აქვთ", – განაცხადა შოთა მურღულიამ.

მან ბაღების მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გაერთიანებას ქონდა უფლება, დაედგინა რამდენად კანონიერად მოხდა გაფიცვა.  თუმცა, მიუხედავად, სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენისა,  თანამშრომლების გათავისუფლება არ მოხდება.

"მე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვერავინ ვერცერთ თანამშრომელს ცუდ კონტექსტში ვერ შეეხება და მით უმეტეს, ვერავის გაუშვებენ სამსახურიდან. რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს და ბრალდებებს, თითქოს კვებისა და დაგვიანებით დაწყებული სწავლის გამო უფლებები დაირღვა, ეს იყო მართული პროცესი. ვერ დამისახელებთ ვერცერთ ფაქტს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ ერთი ბავშვიც კი ბაღში მიღებული საკვების გამო მოწამლულიყო. რაც შეეხება კარაქს, ზუსტად იმ კარაქს მიირთმევენ ბაღში, რასაც ოჯახში. კარგია, უკეთესი ხარისხიანის შეძენა რომ იყოს შესაძლებელი, მაგრამ ამას გაცილებით დიდი თანხები სჭირდება და იმედია, აქამდეც მივალთ", – განაცხადა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა