|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მემორანდუმი საერთო ინტერესებით და გაურკვეველი დროით აღკვეთილი გარევაჭრობა [PHOTO]

ქუთაისში გარევაჭრობის წინააღმდეგ გაჩაღებული მორიგი კამპანიის დაწყებიდან  2 კვირა გავიდა. ჯერჯერობით მერიის მიერ ნაპოვნმა ხერხმა გაამართლა და გარემოვაჭრეები ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ არ გამოჩენილან.

გარევაჭრობის აკრძალვა, თავის მხრივ, ბაზრის ინტერესებში შედის. საერთო ინტერესების გათვალისწინებით, მერიამ ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან  გასულ წელს მემორანდუმი გააფორმა.

 ცენტრალურ ბაზარს, იგივე შპს "ფარს" ქუთაისის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ფართი გადაეცა, სადაც  პავილიონის ტიპის მსუბუქი ნაგებობის მოწყობის ნება მიეცა. სანაცვლოდ კი შპს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგება დაევალა. ნაკისრი ვალდებულების თანახმად, "ფარს" ფალიაშვილის # 23-ის დასავლეთით, წმ. ნინოს ქუჩის #23 მიმდებარედ და ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ტროტუარების კეთილმოწყობა და მოვლა- პატრონობა, მათ შორის ტროტუარებზე არსებული დაზიანებული ფილების განახლება, ასევე ტროტუარის ნაწილებზე საყვავილე ქოთნების განთავსება დაევალა.

ნაკისრი ვალდებულებებიდან "ფარმა" ჯერჯერობით რაც გააკეთა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების შევიწროებაა, თუმცა ესეც მერიის დახმარებით. ოლეგ არღვლიანი განმარტავს, რომ გარევაჭრობის პრობლემაზე ზრუნვა დაიწყო და ბაზართან ახლოს აკრძალა კიდეც გარევაჭრობა.

„მემორანდუმით ჩვენ უნდა მოგვწესრიგებინა გარევაჭრობა და მოვაწესრიგეთ, მაგრამ მოვაჭრეები ჩვენ საკუთრებაში არსებული ტერიტორიას ნახევარი მეტრით ცილდებოდნენ და იქ ვერ ვაკონტროლებდით, რაღაც დოზით მოვაგვარეთ, მაგრამ მთელ ქალაქში ჩვენ ვერ მოვაწესრიგებდით,  აუცილებელი იყო მერიასთან კოორდინაცია“, -განაცხადა ოლეგ არღლიანმა. მისი თქმით, გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ბაზარში დაახლოებით 45 მოვაჭრე შევიდა, ისინი ამ დრომდე რჩებიან ბაზარში.

რაც შეეხება მემორანდუმით გათვალისწინებულ ნაგებობას, გვირაბის თავზე, როგორც ბაზრის დირექტორი აცხადებს, პროექტი მომზადების ეტაპზეა.

„რადგან გორელიეფთან ხდება პავილიონის მოწყობა, ამიტომ არ ვჩქარობთ.  ყველა დეტალის დამუშავება მიმდინარეობს, არქიტექტორებთან ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში პროექტი მომზადდება“, -განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ გარევაჭრობის აკრძალვა ბაზრის ინტერესებში შედის და ამის ვალდებულებაც აღებული აქვს, ქუთაისის მერიას გარევაჭრობის წინააღმდეგ მორიგი კამპანიის გამართვა მაინც დაჭირდა. 1 მარტიდან  გარემოვაჭრეებისაგან გათავისუფლდა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ასევე პასაჟები, საიდანაც საკანცელარიო და საეკლესიო ნივთებით მოვაჭრეებიც კი აყარეს. რამდენიმე მოვაჭრე მერიამ ტერიტორიის დაბინძურების მოტივით - 80 ლარით დააჯარიმა. მოვაჭრეებმა აქციაც გამართეს, თუმცა უშედეგოდ.  

 მერიაში აცხადებენ, რომ მოვაჭრეების დაჯარიმების უფლება ჰქონდათ, რადგან მოვაჭრეები ტერიტორიის დაბინძურების გამო დააჯარიმეს, რისი უფლებაც მერიას "ნარჩენების მართვის კოდექსით" აქვს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განმარტებით, მერიას უფლება აქვს დააჯარიმოს ქუჩაში მყოფი გარემოვაჭრე, რომელიც  საჯარო სივრცეში დახლებით გადაადგილების შეზღუდვას ახდენს.

 

ამ დრომდე ქუთაისის მერიას გარევაჭრობის წინააღმდეგ არაერთი კამპანია აქვს ჩატარებული, თუმცა ყოველ ჯერზე მოვაჭრეები ქუჩაში კვლავ ჩნდებოდნენ. როგორც მერიაში აცხადებდნენ, მათ დაჯარიმების მექანიზმი არ გააჩნდათ. თუ რატომ არ იყენედნენ ამ კოდექსს აქამდე ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ ეს აქამდე მის კონპეტენციაში არ შედიოდა. 

თუმცა რამდენ ხანს შეაჩერებს გარემოვაჭრეებს მოსალოდნელი ჯარიმები, ამას დრო გვიჩვენებს. როგორც მოვაჭრეები ირწმუნებიან, გარევაჭრობა მათთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი