|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ეკონომიკური განვითარების გეგმისთვის 2 133 000 ლარს გამოყოფს

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა განიხილა. გეგმა ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა წარუდგინა.  გეგმის განხილვას საკრებულოში ხმაურისა და კამათის გარეშე არ ჩაუვლია.  

 გიორგი გიორგობიანის განმარტებით,  გეგმა მსოფლიო განვითარების ბანკმა დაგეგმა და მისი განხორციელებისთვის 2 133 000 ლარია გათვლილი. თანხის 70% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ნაწილი ბიზნესით დაფინანსდება.  გეგმა 10 პუნქტს მოიცავს და მათგან მთავარი დესტინაციის მართვის ორგანიზაციის შექმნაა. 

"გეგმა იქმნება, რადგან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ, ქალაქში არსებული პოტენციალის გაცნობის. დესტინაციის მართვის ორგანიზაციის შექმნაზე დაიხარჯება 1 300 000 ლარი,  ქალაქის საინვესტიციო პორტფელის შექმნისთვის 55 000 ლარი,   ყოველწლიური საერთაშორისო ბიზნესფორუმისთვის- 200 000.  ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაზე  10 000 ლარი, ბიზნესის სარეკლამო ბილბორდების მოწყობა 50 000 ლარი,  ახალი ტურისტული ლოკაცია 300 000 ლარი. მიგრაციის პოტენციალის გამოყენება ადგილობრივი განვითარების დაჩქარებისთვის 68 000 ლარი, მიკრო და მცირე  ბიზესნისის ხელშეწყობასა და მრავალშვილანი ოჯახებისთვის 60 000 ლარი, ელექტრომობილების  დასატენი სადგურების მოწყობა 50 000 ლარი,  საკონსულტაციო სერვისების განხორციელება 10 000 ლარი. ეს ციფრები შესალებელია დაკორექტირდეს", - აცხადებს გიორგი გიორგობიანი.

კითხვაზე, რატომ არის აუცილებელი ახალი გეგმის შედგენა, როდესაც არსებობს სტრატეგიული განვითარების გეგმა და რამდენად გამართლებულია ხარჯი, ამასთან თუ არის დავთლილი მოსალოდნელი შედეგი, პასუხობს:

"გეგმა არსებობს და ეს მოკლევადიანი გეგმაც იმასთან მიმართებით არის შექმნილი და ვიყენებთ არსებულ მონაცემებს.  კარგად გამოსაყონებელი მასალები გამოყენებულია. რაც შეეხება მოგებას, ეს არ არის ბიზნესსაქმიანობა. ეს არის სტიმულირების გეგმა და ვერ იქნება მოგებაზე გათვლილი. არავის შეუძლია, გამოანგარიშება, ბიზენსის ხელშეწყობამ რა მოგება შეიძლება მოიტანოს. ეს იქნება საინვესტიციო კატალოგი ინვესტორებისთვის, მათ შეეძლებათ გაგება არსებული პოტენციალის შესახებ", -განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

მან ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტზე, რაც ემიგრანტების ინფორმირებულობას გულისხმობს. მისი თქმით, მათი მიზანია ემიგრანტები დაბრუნდნენ სამშობლოში და განავითარონ ბიზნესი, ამიტომ მათ არსებულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. გიორგობიანი ვერ აკონკრეტებს, რა სამუშაო ადგილები შეიქმნება და რამდენად რეალურია გეგმა, იმისთვის, რომ ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა განმარტავს, რომ გეგმა ცნობიერების ამაღლებაზე არის გათვლილი. 

 დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილს დადებითად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე, თუმცა აცხადებს, რომ გეგმა  შესრულებაზე ნაკლებადაა გათვლილი. მისი თქმით,  პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით მან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

"დოკუმენტზე არის ნაშრომი, ასახავს რეალობას და პრობლემატიკას,  თუმცა გეგმა უკეთაა ჩამოყალიბებული, ვიდრე გადაჭრის გზები. რაც შეეხება ემიგრანტების ნაწილს, აქ საუბარია ცნობიერების ამაღლებასა და  პოპულარიზებაზე. მე უფრო თანხები მაინტერესებს.  დავსვი შეკითხვა და პასუხი არ მიმიღია, მაინტერესებს,  წლევანდელ ბიუჯეტში რა იყო გათვალისწინებული და ვერ მივიღე პასუხი. 6 თვის მონაცემებით,  დახარჯული უნდა იყოს 600 000 ლარი,  რაც არ ჩანს,  თუ არ ჩავთვლით ტურიზმის რომელიმე ღონისძიების ფარგლებში "გასეირნებას". ქალაქის განვითარების გეგმაზე ბევრი ნაშრომი გვაქვს და ახალი ველოსიპედი არ გამოვიგონით"-განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

უფრო მკაცრია თავის შეფასებაში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი თქმით, ბიუჯეტის თანხები უშედეგოდ დაიხარჯება. 

"ეს არის ფორმალური დოკუმენტი, რომელშიც არაფერი წერია ქუთაისის ფუნქციაზე, არაფერი წერია როგორ შევაკავოთ ქუთაისიდან მოსახლეობის გადინება. უბრალოდ, ქუთაისის მერიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის განხორციელებაზე დაიხარჯება 2 100 000 ლარი ბიუჯეტის ფული და ეს ხარჯი რა შედეგს მოგვიტანს, კაციშვილმა არ იცის და ვერავინ გვპასუხობს, ეს იქნება გეგმა გეგმისათვის და არანაირი შედეგი ამ გეგმის მიღებას არ ექნება"- განაცხადა შუშანიამ.  

გეგმის დამტკიცებას მხარი საკრებულოს უმრავლესობამ  დაუჭირა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა