|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე განიხილა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვას ეხება. ორგანიზაციის ინფორმაციით, მერიამ ბიუჯეტის განხილვის პროცესი საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე ჩაატარა.

„კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ დრომდე საჯაროდ არ განუხილავს“-წერს ორგანიზაცია. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა განმარტებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პროაქტიულად გამოქვეყნებული ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტის ნახვა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლია. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე საჯარო განხილვის მოწყობას, მათივე განმარტებით, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ქალაქის ბიუჯეტის გარკვეული ფინანსური პარამეტრები მიბმულია ცენტრალური ბიუჯეტის განაწილებასთან და ცენტრალური ბიუჯეტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის მიღება მიზანშეუწონელია.

„გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ლ” ქვეპუნქტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ამგვარად განმარტავს: „შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება”. ნათელია, რომ აღნიშნული განმარტება არ მოიაზრებს საჯარო განხილვას და შესაბამისად ბიუჯეტის პროექტის მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებით ვერ მოხდება საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე მაქსიმალური საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა“-ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას მერიამ რამდენიმე შეხვედრა მოაწყო მოსახლეობასთან, რაც ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ცალსახად მისასალმებელია, მაგრამ ქალაქის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროექტი საკრებულოში პირველი წარდგენისა და ცენტრალური ბიუჯეტის პარამეტრების შესაბამისად ცვლილებებს განიცდის, რის შესახებაც სამოქალაქო სექტორისათვის ნაკლებადაა ცნობილი. უკანასკნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის უქონლობის პირობებში კი, ბუნებრივია, კომპეტენტური რეკომენდაციების მომზადება შეუძლებელი ხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა