|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიამ გარემოვაჭრეები გაფრთხილების გარეშე და ზედმეტი თანხით დააჯარიმა"

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის "ევროპული საქართველოს" წევრის მერაბ მეშველიანის განცხადებით, მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეები გაფრთხილების გარეშე და ზედმეტი თანხით დააჯარიმა.

მეშველიანმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ გარემოვაჭრეები, რომლებიც პროდუქტს ავტომობილებიდან ყიდდნენ,  პირველადი გაფრთხილების გარეშე დაჯარიმდნენ. მეშველიანმა სხდომაზე ჯარიმის ქვითრები წარმოადგინა და განმარტა, რომ გარემოვაჭრებს  კანონით განსაზღვრულ თანხაზე მეტი დაეკისრათ.

"მე შევხვდი გარემოვაჭრეებს, რომლების ავტომობილებით დგანან და პროდუქტს ყიდიან. მათ მითხრეს, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოუწერათ ჯარიმები, ისე, რომ არ მომხდარა მათი გაფრთხილება. ამასთან, ნარჩენების მართვის კოდექსიდან განსაზღვრულია, რომ დაჯარიმება პირველადი გაფრთხილების შემდეგ ხდება 80 ლარით, თუმცა მერიამ დაახლოებით 10 ადამიანს 120 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა", -განაცხადა მეშველიანმა და მერიას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

მეშველიანს ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ დაჯარიმება გაფრთხილების გარეშე არ მოხდებოდა, მისი თქმით,  კონკრეტულ პასუხს ზედამხედველობის სამსახური გასცემს. 

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეები დაჯარიმდნენ ტერიტორიის დანაგვიანების გამო. მისი თქმით, "ნარჩენების მართვის კოდექსით" მერიას აქვს უფლება დააჯარიმოს მოქალაქე დანაგვიანების გამო.

"ბატონ მერაბს, ეტყობა, გამორჩა ის ნაწილი, რომ ეს ადამიანები დაჯარიმდნენ ავტომობილებიდან ტერიტორიის დაბინძურების გამო და არც ის გაითვალისწინა, რომ ამ შემთხვევაში, ჯარიმა არის 120 ლარი. ამიტომ ვერ მივიღებთ ამ ბრალდებას, რადგან პატრული, როდესაც აჯარიმებს მოქალაქეს დანაგვიანების გამო, არ ხდება მოქალაქის გაფრთხილება, თუმცა ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ და მაინც არ მოხდა გათვალისწინება", -განაცხადა ზვიად ჯავახიამ.  მისივე თქმით,  ამავე კოდექსით, მერიას აქვს უფლება, დააჯარიმოს ქუჩაში მყოფი გარემოვაჭრე, რომელიც ახდენს საჯარო სივრცეში დახლებით გადაადგილების შეზღუდვას.

შეგახსენებთ, გასულ წლებში მერია აღნიშნულ კოდექსს არ იყენებდა გარევაჭრობის პრობლემის წინააღმდეგ და აცხადებდნენ, რომ მერია დაჯარიმებას კანონიდან გამომდინარე, ვერ მოახდენდა. თუმცა რატომ არ ხდებოდა წინა წლებში ამ რეგულაციის ამოქმედება,  ამ კითხვაზე ჯავახია არ პასუხობს და აცხადებს, რომ ეს მისი პრეროგატივა არ იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი