ქუთაისის მერიაში, შესაძლოა, ხელფასებისა და კადრების შემცირება მოხდეს
საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, მუნიციპალიტეტებმა ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით უნდა შეამცირონ.
მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საუბრობენ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში. ქალაქის მერი იმედოვნებს, რომ არ მოხდება თანამშრომელთათვის ხელფასების შემცირება, თუმცა დარწმუნებული არაა, რომ ამის საჭიროება დადგება.
„ბოლო წლების განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯები შესაძლებლობის ფარგლებში მნიშვნელოვნად გვქონდა შემცირებული, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო აღნიშნული ხარჯები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. შეიძლება, რამდენიმე ააიპში რეორგანიზაცია გამოცხადდეს. შესაძლოა, საპრემიო ფონდი საერთოდ გაუქმდეს. როდესაც ეკონომიკურ პარამატრებს ვადგენთ, ეს არ უნდა ჩავთავალოთ საგანგაშოდ, რადგან ეს თანხა არასად მიდის, რჩება ქუთაისში და მოხმარდება ინფრასტრუქტურას, ანუ ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს. შესაძლოა, ხელფასებიც შემცირდეს, თუმცა, ვიმედოვნებთ, ეს არ მოხდება“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.
მერის თქმით, ხელფასების შემცირება არ მოხდება დაბალ რგოლში. „მაქსიმალურად ვეცდებით დავიცვათ დაბალი რგოლი და მათ არ შეუმცირდეთ ხელფასები“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.
2015-2016 წლებში ქუთაისში ადმინისტრაციული რესურსი 2 მილიონით შემცირდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი