|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებამ გასულ წელს ასამდე პროექტი დააფინანსა

ქუთაისის მერიის  კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილებამ  2015 წლის ანგარიში  წარადგინა. როგორც აღინიშნა, 2015 წელს კულტურის განყოფილებისთვის 889 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. მთელი წლის მანძილზე კულტურის განყოფილებამ ასამდე პროექტი დააფინანსა. ასევე მერიის მხარდაჭერილ პროექტებში იყო 20-ზე მეტი კონცერტი, 15-ზე მეტი საიუბილეო საღამო, 10-ზე მეტი გამოფენა, 5-ზე მეტი კონკურსი და 4 ფესტივალი. მათ შორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი  და ჯანსუღ კახიძის საღამოოები, რომლისთვისაც ჯამში, 42 ათას ლარამდე დაიხარჯა. ასევე 2015 წელს ჩატარდა 54 ტენდერი, რომლისთვისაც 400 761 ლარი გამოიყო. ჩაიშალა 14 095 ლარიანი ტენდერი. დაუხარჯავი კი  6 500 ლარი დარჩა. პრეზენტაციაზე საუბარი იყო პრობლემურ საკითხებზეც, მაგალითად ის,  რომ ქალაქს არ აქვს ღია ცის ქვეშ გასამართი საკუთარი სცენა. 

"ჩვენ შევაჯამეთ, გასული წლის აქტივობები. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო წელი იყო. ჩვენ ვუმასპინძლეთ  ძალიან კარგ ღონისძიებებს  და მომავალშიც გავუწევთ ორგანიზებას ",- აღნიშნა მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა. 

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი