|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია"

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ და ადვოკატმა ელისო დათუსანმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის მონაა.

გია თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო  "თავისუფალი ზონის" წევრების ადვოკატების სარჩელი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

"სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ არ მიიღო დაკავებული სამი პირის ადვოკატების სარჩელი და გასაჩივრება დაშვებულად არ ცნო, რითაც კიდევ უფრო მეტ აფსურდულობაში გადავიდა და დამტკიცდა, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და რომ სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონაა", განაცხადა გია თევდორაძემ.  

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს პარლამენტთან მომხადრი ინციდენტის გამო დაკავებულ სამ პირს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი