|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის საკრებულო ბიზნესმენს ყოველთვიურად ფულს უხდის“

„ქუთაისის საკრებულოს წევრი ლელა ქელბაქიანი ბიზნესით არის დაკავებული, ამავდროულად  საკრებულოში იღებს ხელფასს“-აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გოგი წულაია მოუწოდებს მერიას და საკრებულოს,  შეაჩერონ მსგავს პირებზე ხელფასების გაცემა.

„მაშინ, როდესაც ნახევარზე მეტი ადამიანებისა შიმშილობს, როდესაც არ აქვთ შემოსავალი და ელემენტარული საარსებო, ამის ფონზე საკრებულოს დეპუტატი, რომელიც ასევე ბიზნესით არის დაკავებული, იღებს ყოველთვიურად 1360 ლარს(მას ერიცხება 1700 ლარი, თუმცა ხდება თანხის ნაწილს დაქვითვა). გამოდის, რომ ქუთაისის საკრებულო  ბიზნესმენს ფულს უხდის.  მსგავსი პროცესი არის ქვეყნის  და მოქალაქეების დაცინვა. მოვუწოდებ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, შეწყვიტონ ბიზნესმენებზე ხელფასის გაცემა“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა ხდება.

„ეს არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. ასეთი ადამიანები, როგორ ბიუჯეტსაც მიიღებენ და როგორადაც იზრუნებენ ქალაქზე, ძნელი მისახვედრი არაა“, - აცხადებს გოგი წულაია.

ლელა ქელბაქიანი საკრებულოს წევრია 2014 წლიდან. ის ამავდროულად არის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. რაც შეეხება ბიზნესს, ლელა ქელბაქიანი არის „ქუთაისის უნივერსიტეტის“ მფლობელი და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ლელა ქელბაქიანი ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება.  საკრებულოში ვერ აკონკრეტებენ, თუ რომელ ქვეყანაში და რა მიზნით გაემგზავრა ქელბაქიანი, თუმცა აღნიშნავენ, რომ მისი უცხოეთში გამგზავრება საკრებულოში საქმიანობას არ უკავშირდება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა