|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის თეატრის აღორძინების ფონდი შეიქმნება"

ქუთაისის თეატრის აღორძინების ფონდი შეიქმნება, რომელიც მესხიშვილის თეატრში პროფესიონალი რეჟისორების მოწვევას დააფინანსებს,- ამის შესახებ მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატმა ენდი ძიძავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, თეატრის აღორძინების ფონდის შექმნის გეგმა მის პროგრამაში შედის, რომელიც იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნება.

ენდი ძიძავას განცხადებით, ფონდის შექმნის იდეა ბიზნესმენ შალვა ხეცურიანს ეკუთვნის, რომელიც ფონდს თავად უხელმძღვანელებს. ასევე ფონდთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნას აცხადებენ ქუთაისური წარმომავლობის სხვა წარმატებული ბიზნესმენები. 

"პროგრამა, რომელიც წარვადგინე, ვფიქრობ, მაყურებლის აქტივობას გაზრდის. მთავარი თეზისია ის, რომ სტრატეგია არ იცვლება, თუმცა მოხდება სიახლეების ხელშეწყობა, კრეატიული შეთავაზება მაყურებლისადმი. შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდისათვის, ჩემი აზრით, აუცილებელია გაიხსნას ახალი სივრცეები, რესურსი ამისათვის თეატრს აქვს - ექსპერიმენტალური დარბაზი, ასევე ლაბორატორია - სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორებს, მსახიობებს თავიანთი ვერსიების, ფორმების ძიების საშუალება მიეცემათ. ვფიქრობ, ქართულ თეატრში რეჟისორების დეფიციტია და თუ თეატრებმა არ შეუწყვეს ხელი, სხვაგვარად რეჟისორები ვერ გაიზრდებიან.

აუცილებლად მოხდება ახალგაზრდა დრამატურგების მოწვევა და მსახიობების ჩართულობით მათი პიესების "კითხვა", სადაც აღმოვაჩენთ ჩვენთვის სასურველ პიესებს, ამისათვის გვაქვს თეატრალური სალონი. ვგეგმავთ მასტერკლასებს-"ჩვენთვის და სხვისთვის", რაც ნიშნავს, ჩვენთვის მასტერკლასებს გამართავენ მოწვეული რეჟისორები, ჩვენ კი ახალგაზრდა თაობას, მომავალ რეჟისორებს და მსახიობებს გადავცემთ ჩვენ გამოცდილებას", -განაცხადა ენდი ძიძავამ ჟურნალისტებთან საუბარში.  

მისი თქმით, აუცილებელია, თეატრის ეზოში ღია ცის ქვეშ მოძრავი სცენის არსებობა. თეატრის ეზოს ტერიტორია ამჟამად იჯარითაა გაცემული. ენდი ძიძავა იმედოვნებს, რომ შეძლებს მოიჯარესთან შეთანხმებას. 

ენდი ძიძავას გეგმაში შედის ასევე მესხიშვილის თეატრის რეპერტუარში მიმოდრამის შემოტანა, რითაც კოტე მარჯანიშვილს ეხმიანება, რომელმაც თავის დროზე ქუთაისის თეატრში მიმოდრამის ელემენტები შემოიტანა.

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ამჟმად 7 კანდიდატურა განიხილება: გოგა თავაძე, კოტე აბაშიძე, მამუკა ტყემალაძე, გიორგი შალამბერიძე, დავით ნაცვლიშვილი, თორნიკე მარჯანიშვილი და ერთადერთი ქალბატონი კანდიდატი ენდი ძიძავა. მესხიშვილის თეატრმა თავისი მხარდაჭერა სწორედ მას გამოუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება კულტურის სამინისტომ უნდა გამოიტანოს.

სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებისათვის დრო  სექტემბრის შუა რიცხვებამდე აქვს. 

მესხიშვილის თეატრის სამხატრვრო ხელმძღვანელის პოსტს ბოლო 10 წლის განმავლობაში რეჟისორი გიორგი სიხარულიძე იკავებდა, რომელმაც პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავისი სურვილით მიიღო და სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის პროცედურას თავად გამოეთიშა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე