|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის "ტორპედოსთან" დაკავშირებით გერმანელ სპეციალისტებს ველაპარაკებით"

ქუთაისის "ტორპედოთი" ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერი, უზნეკი ბიზნესმენი კაზიმ არიფოვია დაინტერესებული. ამის შესახებ სპორტული გამოცემა "ლელო" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბიზნესმენმა "ტორპედოსთან" დაკავშირებით თბილისში ყოფნის დროს ისაუბრა და განმარტა, რომ ამ საკითხზე გერმანელ სპეციალისტებს ესაუბრება.

"გერმანელ სპეციალისტებს ქუთაისის "ტორპედოსთან" დაკავშირებით ველაპარაკებით. დიახ, ეს ძალიან საინტერესო კლუბია და თუ თანამშრომლობა შედგება, გუნდის მდგომარეობაც გაუმჯობესდება. "ტორპედო" დიდი სახელის მქონე კლუბია, მას საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ვიცნობ. ახლა კი კლუბი გაკოტრების პირასაა, 3-4 თვეა ხელფასი არ დარიგებულა... დასანანი იქნება, ასეთი ტრადიციების მქონე კლუბი მეორე ლიგაში რომ დაქვეითდეს. ამ გუნდის ფეხზე დაყენებაა საჭირო"-განაცხადა კაზიმ არიფოვმა.

კითხვაზე, ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა თუ აქვთ, პასუხობს, "ჩვენ მოლაპარაკებებს ვგეგმავთ, ჯერ ინტერესი საწყის ეტაპზეა. ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლები მოვიწვიეთ და სამშაბათს მათთან მოლაპარაკებას ვაპირებთ. ვნახოთ, საერთო ენას თუ გამოვნახავთ, მიმაჩნია, რომ "ტორპედო" ბევრად ძლიერი კლუბი გახდება. გუნდი ევროპალიგაზე მაინც უნდა გავიდეს. კარგი იქნებოდა, კლუბს სტადიონს კარგად თუ გაუკეთებენ და "ტორპედო" ჩემპიონთა ლიგაზე თუ არა, ევროპის ლიგაზე მაინც რომ გავიდეს. ეს ოცნების ახდენა იქნება. ყველამ ვიცით, რომ თქვენი გუნდები ევროტურნირებს საწყის ეტაპზე ამთავრებენ, რაც ქართული ფეხბურთის პოტენციალს ნამდვილად ვერ ასახავს. ვიცი, რომ ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ქართული გუნდი, თბილისის "დინამო", მხოლოდ ერთხელ მოხვდა. მას მერე 15 წელი გავიდა", -განაცხადა კაზიმ არიფოვმა.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" მიმართ დაინტერესება რამდენიმე სპონსორმა გამოთქვა, თუმცა ამ დრომდე დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავტორი: ნიუპრესი