|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შესაძლო კანონდარღვევები დააფიქსირა

ქუთაისის საკრებულომ  წინა წლებში გასხვისებული ობიექტების შემსწავლელ დროებით ჯგუფს უფლებამოსილება გაუგრძელა. ჯგუფს, რომელიც თავდაპირველად სამი თვის ვადით შეიქმნა, სამუშაოდ ვადა ორჯერ დაემატა.

დროებითი ჯგუფის თავმჯდომარის გრიგოლ ქობალიანის განცხადებით, ამ დროისთვის ათეულობით ობიექტის საქმე შეისწავლეს და სავარაუდო კანონდარღვევაც დააფიქსირეს.

„ინტენსიურად ვმუშაობთ, მაგრამ მხოლოდ ხუთი კაცი ვართ ჯგუფში და ამდენ სამუშაოს ვერ ავუდივართ. 2012, გარდამავალი წელის შესწავლა დამთავრებულია,  იმის წინა წლები კი შესწავლის პროცესშია.  გამოიკვეთა, რომ  ამ პერიოდში ქუთაისში აღარ დარჩა სკვერი, ბაღი,  მიწა ისეთ ადგილებში, რომელიც შეიძლებოდა ქალაქისთვის ყოფილიყო სტრატეგიული. ადრე ელექტრონული აუქციონი არ იყო, სხვადასხვა პირობებით სხვისდებოდა ტერიტორიები. მყიდველს უნდა შეექმნა სამუშაო ადგილები და ინვესტიცია განეხორციელებინა ქალაქში, თუმცა რომ მივედით ადგილზე, იქ ავტოსარეცხაო დაგვხვდა. ამას შეეწირა ასწლოვანი ხეები და პარკის მონაკვეთი განადგურდა“,-განაცხადა გრიგოლ ქობალიანმა.

როგორც მან განგვიცხადა, შესწავლის შედეგად რამდენიმე კანონდარღვევაც შეინიშნება, თუმცა ამ საკითხებს პარალელურად იურისტები სწავლობენ. ქობალიანი არ გამორიცხავს, რამდენიმე საქმე შესაბამის ორგანოს გადაეგზავნის შესასწავლად.

დროებით სამუშაო ჯგუფი საკრებულოს მიერ ივნისში დამტკიცდა, მისი მიზანია 2005-2015 წლებში გასხვისებული ქონების საკითხის შესწავლა და მასზე რეაგირება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი