|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უწყინარი მილოცვა თუ შეფარული რუსული პროპაგანდა?

ქუთაისში კინო "საქართველოს" ქმედება მორიგი უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ამჯერად პროტესტი კინო "საქართველოს" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც ბარათებს მოყვა. ერთი შეხედვით "უწყინარი" მილოცვის უკან ქუთაისში მოქალაქეებმა რუსული პროპაგანდა შენიშნეს, მათივე განცხადებით, აღნიშნული დაწესებულება არაერთგზის  შემჩნეულია რუსულ პროპაგანდაში.

ორგანიზაციის "რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისათვის"  თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე აცხადებს, რომ  რუსული კინო ფესტივალი, თანამშრომლების რუსულის ცოდნის დონის მიხედვით შერჩევა და  ბეიჯებზე გამოყენებული რუსული დროშები არაფერია, თუ არა რუსული პროპაგანდა. 

"კინო "საქართველოს"  პრორუსული განწყობის შექმნას უწყობს ხელს. კინოთეატრი არ იყო გახსნილი და რუსული კინო ფესტივალი ჩაატარეს. კადრები რუსული ენის ცოდნის მიხედვით შეარჩიეს, ბეიჯებზე ახატიათ რუსული დროშები, თითქოს და ცალ-ცალკე არაფერი, მაგრამ კარგად იგრძნობა, რომ არის რუსული აქცენტის გაკეთება. ბოლოს იმით აგვირგვინებენ, რომ  რვა მარტს ქალებს რუსული ანიმაციური გმირებით და წარწერებით  ულოცავენ, რასაც  ოფიციალურ გვერდზე  დებენ. მათი კომენტარი, რომ ეს ყველას მოეწონა, არის არასწორი, რადგან კომენტარების მიხედვით ჩანდა, რომ  99%-ს ეს არ მოსწონდა.

ასევე მომხმარებლებმა დაწერეს, რომ ძალიან ცუდ რამეს აკეთებენ, მაგრამ ადმინისტრაცია არ იხევს უკან. მსგავსი ტიპის აქტივობა, რა თქმა უნდა, არის მათი უფლება, მათ აქვთ აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენ, როგორც ამ დაწესებულების მომხმარებლებს, გვაქვს იმის უფლება, რომ გავაკეთოთ შეფასება. ძალიან გამიხარდა, რომ ამას ქუთაისის მოსახლეობამ რადიკალური  შეფასება მისცა. იმედი მაქვს,  აღიარებენ შეცდომას, თუმცა თუ ასე განაგრძობენ,  უკურეაქციასაც მიიღებენ"-აცხადებს აკაკი საღინაძე. მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ კინო "საქართველოს" დამფუძნებელი არის რუსეთში, არაფერს ცვლის, რადგან ამ შემთხვევაში მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს და პროპაგანდა ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება გაკეთდეს. 

"თავისთავად არაფერი ხდება, ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი. დამფუძნებელი სადაა არ აქვს მნიშვნელობა,  შეიძლება სხვა ქვეყნაში იყოს და იქედან გააკეთოს ადამიანმა იგივე. აქ საუბარია იმაზე, რომ, როდესაც ერთი კვირის წინ უდანაშაულო ადამიანი გაიტაცეს, მოკლეს და არ აბრუნებენ ცხედარს,  არანაირ კულტურულ ურთიერთობაზე საუბარი არ უნდა იყოს. პირიქით, ისე უნდა მოიქცნენ, ყველას ათქმევინონ, რომ რუსეთი მტერია და ბიზნესმა თავისი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. თუ ოდესმე დალაგდება მდგომარეობა, ტერიტორიები დაბრუნდება, მერე შეიძლება დაიწყოს რაიმე დიალოგზე საუბარი,"-განაცხადა აკაკი საღინაძემ.

ფაქტს მერიის კულტურის განყოფილების ყოფილი უფროსი მირანდა კუპრავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი განცხადებით,  სავარაუდოდ, ადმინისტრაციის მიზანი ბიზნესიდან მიღებული მოგება არაა და ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს.

"გააჩნია მიზანს. ვშიშობ, კინოსეანსებიდან მიღებული მოგება დიდად არ ანაღვლებთ.  თუ პროპაგანდისთვის გასროლილი მილიონებია, თავისას მაინც იზამს. რაღაც როლს ითამაშებს, რადგან მრავალწახნაგოვანი და მასშტაბური გახდა უკვე. ცოტა ხნის წინ არ მეშინოდა. ზუსტად ვიცოდი უკვე დაგვიანებული რომ ქონდათ, მაგრამ დღეს ვხედავ, რომ იმდენი ფული შემოდის, უკვე საშიში ხდება. აქ სახელმწიფოს გარეშე ვერაფერს გახდები. ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა თქვას უარი თანამშრომლობაზე მათნაირებთან. ასეთ დროს ჯობია ექვთიმე ქალაქში, თეთრ ზეწარზე აჩვენო, ვიდრე რუსულ წითელ ხალიჩაზე გაიარო და ფოტოები იღო",-წერს მირანდა კუპრავა. 

 საზოგადეობის პროტესტს პოლიტიკურ კუთვნილებას უკავშირებს შემოქმედებითი სახლის "ჯარისკაცის მამა" მმართველი ინეზა ავალიანი, რომლის ორგანიზებითაც გაიმართა რუსულ-ქართული კინო კვირეული. ავალიანის თქმით, იმ ქვეყანას, რომელთანაც კონფლიქტი გაქვს, ჩხუბის ნაცვლად, უნდა მოელაპარაკო. 

"მიშისტები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ, ისინი ძალიან ბევრი არიან კიდევ. რუსეთთან ტერიტორიული უკმაყოფილება გვაქვს და იმათ კი არ უნდა ვეჩხუბოთ, უნდა ველაპარაკოთ წესიერად და მოვაწესრიგოთ  ურთიერთობა, მაგრამ არ უყვარს ხალხს ქვეყანა და არ ფიქრობს.  ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ რუსეთთან კარგად საუბრით შეიძლება აღდგეს და წესიერი მოთხოვნით. როდესაც გაქვს კონფლიქტი, მასთან საუბარი უნდა და არა ლანძღვა. რა გგონიათ, ის დიპლომატიური წერილი, რასაც ათმა ადამიანმა ხელი მოაწერა, რას ნიშნავდა? ნიკა მელიას უფრო უყვარს ქვეყანა,  თუ ქეთი დოლიძეს? მელიამ რა გააკეთა და ქეთი დოლიძემ უამრავი კარგი სპექტაკლი დადგა?"-განაცხადა ინეზა ავალიანმა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ კინო "საქართველოში". ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, რომ მათ არ იციან რაზეა საუბარი და რა პროტესტი მოყვა მათ მილოცვებს. 

თუმცა მოქალაქეების პროტესტი მათ ოფიციალურ გვერდზე იწერებოდა, რაც სავარაუდოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ ადმინისტრაცია მომხდართან  დაკავშირებით ინფორმირებულია.

რაც შეეხება მისალოც ბარათებს, ის ამ დრომდე რჩება კინო "საქართველოს" ოფიციალურ გვერდზე.

კინო თეატრი, რომელიც თებერვალში გაიხსნა, გასულ წელს არაერთი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. პირველად პროტესტი რუსულ კინო კვირეულს მოყვა, შემდგომ გავრცელებულ ინფორმაციას თამრიკო გვერდწითელის და გრეგორი ლეპსის ჩამოყვანასთან დაკავშირებით და ბოლოს თანამშრომელთა  შერჩევას, როდესაც მოქალაქეებს რუსულის ცოდნა მოეთხოვათ.

კინო "საქართველოს" მხარდაჭერით თებერვალში ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" ჩვენება გაიმართა.

 

"ექვთიმე ღვთისკაცის" ქუთაისური პრემიერა [PHOTO]

ქუთაისში კინოთეატრი „საქართველო“ 16 თებერვალს მუშაობას იწყებს

კინო "საქართველოს" გახსნაზე გრეგორი ლეპსი და თამრიკო გვერდწითელი იმღერებენ

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი