|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მცხოვრები მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში მცხოვრები მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს. ქრისტინე გაბუნიას სოციალური დახმარება ბინის შეცვლის გამო მოეხსნა. 31 წლის მარტოხელა დედა ორ მცირეწლოვან შვილს ზრდის.

 მისი 7 წლის გოგონა ცერებრალური დამბლით არის დაავადებული.  ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობა ესაჭიროება.  ოჯახს სოციალური დახმარება ერთი თვის წინ მოეხსნა. როგორც ქრისტინე გაბუნია აცხადებს, მან წინა თვეს ნაქირავები ბინა დაცალა და სხვა ბინაში გადავიდა საცხოვრებლად, ბინის მონაცვლეობის შესახებ კი სოციალური სამსახურისთვის არ უცნობებია, რის გამოც მას დახმარება მოეხსნა. მარტოხელა დედა დახმარების დანიშვნას მოითხოვს.

"არ ვიცოდი, თუ  ამის შესახებ უნდა მეცნობებინა - გადმოვედი სხვა ბინაში, აგენტი ძველი მისამართზე მივიდა, არ დავხვდი, რის გამოც  დახმარება მომეხსნა. ეს ჩვენი ერთადერთი შემოსავალი იყო, ახლა მხოლოდ ბავშვის პენსია გვაქვს, ძალიან გვიჭირს. იქნებს დაგვეხმარონ და დაგვინიშნონ დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი, როგორ უნდა გავიტანოთ თავი და ბავშვებს როგორ მოვუარო"-განაცხადა ქრისტინა გაბუნიამ.

ოჯახისათის სოციალური დახმარების განმეორებით დანიშნას ითხოვს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია და  სოციალურ სამსახურს  მოუწოდებს, გამოიჩინოს კეთილი ნება იმ ადამიანის დასახმარებლად, რომელიც ინფორმაციის უქონლობის მსხვერპლი გახდა.

ოჯახი 156 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას ერთი წლის განმავლობაში იღებდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე ადასტურებს, რომ  სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი  ოჯახის მიერ მისამართის  შეცვლა გახდა. მისი თქმით, ამ დროისთის ოჯახს შეწყვეტილი აქვს რეგისტრაცია, თუმცა მიმართვიანობის შემთხვევაში მოხდება დამატებითი განხილვა,  შესაბამისი ქულების არსებობის შემთხვევაში კი, დამარების დანიშვნა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი