|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მუნიციპალურ ავტობუსებზე მძღოლებს გარკვეული კრიტერიუმებით შეარჩევენ

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ხაზებზე ხელშეკრულებების ვადა 2020 წელს სრულება, რის შემდეგაც მერია გადამზიდებთან ახალ ხელშეკრულებებზე დაიწყებს მუშაობას.

პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოები მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაზე. მერიის ინფორმაციით, თავდაპირველად 60 ერთეული ავტობუსი შემოვა, რისთვისაც "იბიარდთან" უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის შემთხვევაში, შეიცვლება მძღოლების აყვანის კრიტერიუმიც. როგორც მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი განმარტავს, აღნიშნულ პროცესზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ადასტურებს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლის შემთხვევაში მძღოლებზე კრიტერიუმები დაწესდება.

"ყველა მოქმედ ხელშეკრულებას არ გასვლია ვადა, ველოდებით ვადის გასვლას, ამის შემდეგ დაიწყება მუშაობა. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, ახლა ვერც იმ კრიტერიმებზე ვისაუბრებ, რადგან არ ვიქნები მართალი. როცა გვექნება ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვა კრიტერიუმიის შესახებ, ეს იქნება ასაკობრივი შეზღუდვა,  გამოცდილება, თუ სხვა, შემდეგ ვისაუბრებთ. შესაძლებელია სავალდებულო გახდეს უნიფორმის ტარება," -განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლის შესახებ გაჟღერებული ინფორმაციის გამო კითხვები აქვთ მძღოლებს. მათ ინტერესს არსებული  სამარშრუტო ხაზები და სამუშაო ადგილები იწვევს. როგორც მძღოლები აცხადებენ, ხაზები კერძო საკუთრებაშია და გაუგებარია, როგორ მოხდება მათი მერიისთვის გადაცემა, ამასთან შიშობენ, რომ ისინი სამუშაო ადგილებს დაკარგავენ და ტრანსპორტზე მუშაობას ვერ შეძლებენ. 

ავტორი: ნიუპრესი