|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით გეგმები შეიცვალა

ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ამ დრომდე ახალი ტენდერტი არ გამოცხადებულა. საკითხით "ნიუპრესი" დაინტერესდა.

 როგორც "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ახალი ტენდერი განსხვავებული პირობებით გამოცხადება.

"ეკონომიკის სამინისტრომ 40 ათასი კვ.მ ტერიტორია გადმოგვცა ამ მიზნით, რომ ჩვენ საცურაო აუზი ავაშენოთ, პროცედურები ყველაფერი გავლილია, ტერიტორია ჩვენს ბალანსზეა.  პროექტის მიხედვით,  საცურაო აუზს სჭირდება 12 ათასი კვ მ. ფართობი, გადაწყდა, რომ გაიზარდოს მასშტაბი და სრულად მოხდეს 40 ათასი კვ. მეტრის ტერიტორიის დაგეგმარება.  ნაწილზე იქნება აუზი, დანარჩენი 28 ათასი კვ. მეტრი კი  ინვესტირებისათვის ძალიან ხელსაყრელი იქნება. მოხდება ადგილზე  სხვა სივრცეების მოწყობა. ამაზე გამოცხადდება ტენდერი, ოღონდ მას შემდეგ, რაც საკითხს ქალაქის საკრებულო განიხილავს , -განაცხადა რუსუდან ჩინჩალაძემ, მერიის ააიპის "არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო" უფროსმა. 

მისი თქმით, ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს.

შეგახსენებთ,  პროექტის მიხედვით, ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი უნდა იყოს. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.

აუზის მშენებლობა ქუთაისში აბაშიძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ იგეგმება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე