|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალური საცხოვრისში ბინები 5 წლით გაიცემა

ქუთაისის მერიის მიერ აგებულ სოციალურ საცხოვრისში ბინების გადანაწილების წესი საკრებულომ დაამტკიცა. საკრებულოს დეპუტატებმა მხარი იმ მოთხოვნებს დაუჭირეს, რომელსაც მერია საცხოვრისის გადანაწილების დროს გამოიყენებს.

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, ბინები კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდება.

„ბინების გადანაწილებაზე შესაბამისი კომისია იმსჯელებს. მაქსიმალურად გამოირიცხება სუბიექტურობა, დადგენილი წესით წესით  განისაზღვრა ყველა ის  კრიტერიუმი, რაც გათვალისწინებულია ბინის მისაღებად. აქცენტი გაკეთდება სოციალურად დაუცველზე, მრავალშვილიან ოჯახზე, შშმ პირებზე, მათზე, რომელთაც  ნამდვილად არ აქვთ საცხოვრებელი“-განაცხადა კლდიაშვილმა.

სოციალურ საცხოვრისში ბინა 5 წლის ვადით გაიცემა. ამის შემდეგ ჩატარდება მონიტორინგი, თუ რომელიმე მცხოვრები კრიტერიუმებს ვეღარ დააკმაყოფილებს, ის ბინას დატოვებს. საჭიროების შემთხვევაში, მერია მას ერთი წლით ქირით გადაიყვანს.

სოციალური საცხოვრისისთვის მერიამ 2015 წელს მილიონი ლარი გამოყო, რასაც შემდგომ მილიონ ნახევარი  დაემატა. თავდაპირველი ვერსიით, 80-მდე ბინა უნდა შექმნილიყო. პროექტი ორ ეტაპად შესრულდებოდა. ინფორმაციას არ ადასტურებს ქალაქის მერი შოთა მურღულია, მისი თქმით, ორ ეტაპად არა მშენებლობა, არამედ თანხის გამოყოფა დაიგეგმა.

„ორ მილიონ ნახევრად შეიქმნებოდა 48 ბინა. რაც შეეხება 80 ბინას, შენობა, სადაც საცხოვრისი მოეწყო, არის ხუთსართულიანი. ჩვენ შევიძინეთ 2 500 კვ.მ ფართობი. დამატებით ფართი, შესაძლოა, ქირით ავიღოთ“, -განაცხადა შოთა მურღულიამ.

შენობაში სამუშაოები დასრულდა. ამჟამად შესრულებული სამუშაოების შემოწმება მიმდინარეობს. ბინების გადასანაწილებლად კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. იქამდე კი ბინების გადანაწილების წესი არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეცნო.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი