|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ აპროტესტებენ ქუთაისში კაფე "ტიფლისის" გახსნას?

ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩის ნომერ 3-ის მცხოვრებლები კაფეს ფუნქციონირებას აპროტესტებენ. თავის მხრივ, ბიზნესისათვის ხელის შეშლის გამო ჩივილს აპირებს კაფეს მეპატრონე.

ადგილობრივების ნაწილი ბინის პირველ სართულზე კაფე "ტიფლისის" გახსნას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ მფლობელმა მათი ნებართვის გარეშე ჩაატარა სამუშაოები.

ფატიმა ბუაძე-ხუციშვილი კაფეს ზემოთ, მეორე სართულზე ცხოვრობს. მისი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პირველ სართულზე კაფე იხსნებოდა, რაც თავიდანვე გააპროტესტა, თუმცა შემდგომ ოჯახური პრობლემების გამო ვერ მოახერხა აქტიურობა, ამ დროს კი მფლობელმა მისი ფანჯრების ქვემოთ ფანჯარა და კარი გაჭრა.

"ორი თვის წინ გავიგე, რომ კეთდებოდა კაფე, მივმართე და გავაფრთხილე მფლობელი, რომ არაფერი გაეკეთებინა ჩვენი ფანჯრების ქვემოთ. ადრე ფუნქციონირებდა აქ კაფე და  შეწუხებული ვიყავით. მფლობელმა აკაკი ცაგარეიშვილმა გვითხრა, რომ არაფერი გაკეთდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იმ პერიოდში მეუღლეს ოპერაცია გავუკეთე, დედა მომიკვდა და ამის გამო ვერ მოვახერხე ყურადღების მიქცევა. მას კი გაუჭრია კარი და ფანჯარა და ჩემს ფანჯრებთან დაუმონტაჟებია გამწოვი მილი. მივმართე მერიას და მოვითხოვე შეჩერება, მაგრამ ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა მითხრა, რომ თურმე ჩემს მეუღლეს მიუცია ნებართვა და ხელი მოუწერია, რაც არის ტყუილი, როგორ დათანხმდებოდა ამას?"-აცხადებს ფატიმა ბუაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მერიაში განუმარტეს, თითქოს ჩატარდა კრება, რომელსაც 46 ადგილობრივი ესწრებოდა.

"ეს არის ტყუილი, რადგან 46 ადამიანი საერთოდ არ არის აქ, მით უმეტეს, მათ არ იცოდნენ ამ ადამიანის გეგმების შესახებ. ჯერ მოაწერინა ხელი რამდენიმე ადამიანს და მერე გაჭრა კარი და ფანჯარა. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ამას. მათივე განცხადებით, თითქოს საერთოდ არ ჭირდებოდათ მოსახლეობის ნაბართვა, არადა ვიცი, რომ აუცილებელია მეორე სართულზე მცხოვრებთა ნებართვა, როდესაც მას შეიძლება რაიმე პრობლემა შეექმნას.  არ გავჩერდები და ბოლომდე ვიბრძოლებ", - განაცხადა ფატიმა ბუაძემ.

მან უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომელმაც განცხადება მერიის სახელზე გადმოამისამართა, ასევე მიმართა პროკურატურას და მოითხოვს კაფეს მშენებლობის შეჩერებას.

თავის მხრივ,  საქმიანობაში ხელის შეშლისთვის ფატიმა ბუაძეს წინააღმდეგ ჩივილს აპირებს კაფეს მფლობელი აკაკი ცაგარეიშვილი, რომელის განცხადებითაც, მას კანონიერ საქმიანობაში ეშლება ხელი. ცაგარეიშვილის განცხადებით, მას აქვს ყველა ნებართვა, რაც კაფეს ფუნქციონირებისთვის ჭირდება, ასევე მოსახლეობის ხელმოწერა.

"მე თავად ვუჩივლებ მათ, რადგან ცდილობენ ხელი შემიშალონ. აქამდე არ მივმართე შესაბამის უწყებას, მეგონა, გაიგებდნენ რომ კანონიერად  ვმუშაობთ, მაგრამ ასე არ მოხდა. მაქვს ნებართვა მერიიდან, ნებართვა შესაბამის სამსახურებიდან. რაც შეეხება კარს და ფანჯარას, ის ძველი  ნახაზებით არსებობდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ფუნქციონირებდა აქ კაფე, გაგვიტეხეს, ამიტომ დავლუქეთ, ახლა ისევე გავხსენით, რასაც არ ჭირდებოდა მეზობლების ნებართვა, თუმცა მაინც მივედი და ავიღე ნებართვა, მათ შორის ხელი მოაწერა ფატიმა ბუაძის მეუღლემ, ავთანდილ ხუციშვილმა და ახლა იძახიან, რომ ტყუილია. მათ სხვა ინტერესი აქვთ, ჩემი ყურით გავიგონე, როგორ ამბობდა, თუ გახსნის კაფეს,  მაშინ ფული გადამიხადონო. ეს ინტერესი აქვთ, თორემ რა ხელი ეშლებათ? ფანჯარა არ არის საპირფარეშოსი, რომ სუნმა შეაწუხოს და გამწოვის მილიც სახურავს მეტრო ნახევრით არის აცილებული, მას არც ხმა აქვს და არც სუნი, ეს არის ხელის შეშლა კერძო ბიზნესისთვის"-აცხადებს აკაკი ცაგარეიშვილი.

მან წარმოადგინა მეზობლების ხელმოწერა, სადაც ნამდვილად ფიგურირებს ავთანდილ ხუციშვილის ხელმოწერა პირადი ნომრით.  ფატიმა ბუაძის განცხადებით, ხელმოწერა გაყალბებულია, ამიტომ აპირებს, მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს გამოძიება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი