|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გახდა ქუთაისთან მომხდარი ავტოავარიის მიზეზი?

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარიის შემდეგ გააქტიურდა მსჯელობა გზების უსაფრთხოების შესახებ. საგზაო ნიშნების არარსებობაზე საუბრობდა პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი. მისი თქმით, სამტრედია - ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა არის ძალიან სახიფათო. 

ამის შესახებ დაწერა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, შალვა ობგაიძემაც. მისი განცხადებით, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთზე,  ოთხზოლიანი მოძრაობა უცებ წყდება და გზა ორზოლიანი ხდება. ოგბაიძის განმარტებით "ეს საშიში, კონფლიქტური წერტილია" და გამოუსწორებლობის შემთხვევაში ავარიების რიცხვის ზრდა გარდაუვალია.

"ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს იმას, რომ საქართველოში საგზაო უსაფრთხოებას საერთოდ არ აქვს კავშირი ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკასთან. არასაკმარისია საგზაო ნიშნები და სიჩქარის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არის შემუშავებული, საერთოდ მოუწესრიგებელია კვანძები, რომელიც მეორეხარისხოვან გზებთან აკავშირებს",-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის, "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა. 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის  გიორგი სეთურიძის განცხადებით კი, მონაკვეთი დასრულებულია და საგზაო ნიშნებიც დაყენებულია.

"ერთი მიზეზია გადაჭარბებული სიჩქარე და მეორე მანევრირების წესების დარღვევა გასწრების დროს. ყველა მძღოლმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს მოძრაობის წესებს.  ამ გზაზე საგზაო ნიშნები მოწესრიგებულია, ყველგან არის მაჩვენებელი, რომ შეზღუდვა არის 90კმ/სთ. ნაჩვენებია ისიც, რომ არის ორმხრივი მოძრაობა", - ამბობს გიორგი სეთურიძე.

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, საქართველოში წელიწადში 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება. გარდაცვლილ-დაშავებულების რაოდენობის მიხედვით, ქვეყანა  ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. ამ მაჩვენებლით  2015 წელს რუსეთსა და სომხეთს გადაუსწრო. 

შეგახსენებთ, ქუთაისთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.  გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა