|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ გაიყიდა "მწერალთა სახლი" სხვა ობიექტთან ერთად 1 400 640 ლარად?

მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ  სამ მილიონ ლარამდე ქონება გაასხვისა. მერიაში განმარტავენ, რომ ქონების პრივატიზებით მიმდინარე წელი უპრეცედენტოა და ექვსი თვის მონაცემებით უკვე შესრულდა წლის პრივატიზების გეგმა.

გაყიდულ ობიექტთა შორის აღმოჩნდა ქუთაისის "მწერალთა სახლი". რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ "მწერალთა სახლი" მერიამ გაპონოვის 5 ნომერში მდებარე მიწის ფართობთან ერთად ერთ ლოტად გაიტანა აუქციონზე. ორივეს საერთო ფასმა  შეადგინა 1 400 640 ლარი.

მერიაში განმარტავენ, რომ დაინტერესებულ პირს მითითებული ქონდა, რომ ობიექტების შეძენა ერთ ლოტად სურდა.

შენობა და მიწის ნაკვეთი შპს "მ² ქუთაისმა" შეიძინა. დოკუმენტებს ხელს შპს-ს დირექტორი ირაკლი ბურდილაძე აწერს.

ირაკლი ბურდილაძე "m² -ში" უძრავი ქონების გენერალური დირექტორია. m² -ში მოსვლამდე ირაკლი იყო „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო მიმართულებით.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ორივე ობიექტზე სასტუმროების მშენებლობა იგეგმება, რაც შეეხება თუ რატომ მოხდა ერთ ლოტად გატანის მოთხოვნა, კომპანიის პრესსამსახურის უფროსი დავით გორგილაძე გვპასუხობს.

"კომპანია mახორციელებს შერეული ტიპის კომპლექსების მშენებლობას (სასტუმრო და საცხოვრებელი), რაც პროექტის მომგებიანობის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ დავინტერესდით ორივე ნაკვეთით"-განაცხადა გორგილაძემ.

რაც შეეხება ვადებს, მათივე ინფორმაციით, მშენებლობა მაქსიმუმ 2 წელში დასრულდება.

ობიექტების ერთ ლოტად გატანა იურიდიულად შესაძლებელია, თუმცა მსგავს შემთხვევებში, შეიძლება ჩნდებოდეს ეჭვი აუქციონის ერთ კომპანიაზე მორგებაზე.

მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ობიექტები ცალ-ცალკე გატანილი იყო აუქციონზე, მაგრამ მათი შეძენით არავინ დაინტერესებულა. კომპანიამ "m2-" შემდეგ მოითხოვა, ობიექტები ერთ ლოტად გასულიყო აუქციონზე.

"ცალ-ცალკე გატანილი იყო ეს ობიექტები და არ გაიყიდა, კომპანიამ მოითხოვა ერთ ლოტად გატანა, ამიტომ გავიდა ერთ ლოტად, ამით კანონი არ დარღვეულა, რადგან ჩვენ მათ შემოთავაზებაზე უარის თქმის მიზეზი არ გვქონდა",-განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

ადგილზე კომპანიის მიერ  სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაადასტურა ქუთაისის მერმა. შოთა მურღულიას თქმით, "მწერალთა სახლის" შენობა ამორტიზებული და მოუწესრიგებელია, ამიტომ "მწერალთა სახლის" ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მოხდა ტერიტორიის გასხვისება.

"მწერალთა სახლში" ამ დროისთვის რამდენიმე დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელთაც შენობის დატოვება მოუწევთ, თუმცა აუქციონის პირობებში ვკითხულობთ, რომ შემსყიდველმა სამი წლის განმავლობაში აღნიშნულ ობიექტებზე 5 მილიონის ლარის ინვესტიცია უნდა დახარჯოს. ამასთანავე ამ ტერიტორიაზე უნდა ააშენოს და მოაწყოს  350.0 კვ. მ ფართობის შენობა, აქედან 150 ადამიანზე გათვლილი, ინვენტარით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც პირველ სართულზე მოეწყობა, დანარჩენ ფართში უნდა მოეწყოს სამუშაო ოთახები და ფართები უნდა გადმოეცეს ქუთაისის მერიას საკუთრებაში.

"მწერალთა სახლის" დირექტორის პოსტს მერის მრჩეველი თემურ ლანჩავა იკავებს, რომელიც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ ეძებდა ინვესტორს, რომელიც შენობის ნაწილს შეიძენდა.

თემურ ლანჩავას განცხადებით, მწერალთა კავშირმა უკვე დატოვა შენობა და საზოგადოება ქუთაისელის შენობაში გადავიდა.

"რამდენი ხანია ჩვენ გამოგვიშვეს მაგ შენობიდან და საზოგადოება ქუთაისელის შენობაში ვაფარებთ თავს, არაფერი შეხება არ გვაქვს. გვეუბნებიან, რომ შენობის დასრულების შემდეგ გამოგვიყოფენ ფართს და თუ მართლაც მოგვცემენ 300 კვ.მ ფართს შევალთ და გავაგრძელებთ საქმიანობას"-განაცხადა ლანჩავამ.

ამ დრომდე უცნობია რა ბედი ელის შენობის ეზოში მდებარე ლადო ასათიანის ძეგლს, რომელიც ამ დროისთვისაც მოუწესრიგებელია, მერიაში განმარტავენ, რომ პროექტი შეთანხმდება არქიტექტურის სამსახურთან, ამის შემდეგ გაირკვევა დარჩება ძეგლი ადგილზე თუ გადაიტანენ.

ტერიტორიას ბოლო რამდენიმე კვირაა დაცვის პოლიცია იცავს, რატომ გახდა შენობის 24 საათიანი დაცვა აუცილებელი  ამის შესახებ ადგილზე ინფორმაციას არ გვაწვდიან.

რაც შეეხება გაპონოვის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთს, მერიის ინფორმაციით, ის არ ატარებდა სკვერის სტატუსს და ამიტომ მოხვდა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში, თუმცა ამ ინფორმაციას არ ეთანხმებოდნენ ადგილობრივები, რომელთაც საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადეს, რომ სააპელაციო სასამართლოს გვედით მდებარე მიწის ნაკვეთი ბავშვების სათამაშოდ ერთადერთი ადგილია, ამიტომ მოითხოვდნენ ადგილისთვის სკვერის სტატუსის მინიჭებას და მშენებლობის შეჩერებას. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ პრივატიზება გახდა მიზეზი რის გამოც ქუთაისის მერი და ვიცე-მერები მოდულის შენობაში დაკითხვაზე დაიბარეს, რასაც არ ადასტურებენ მერიაში და პრივატიზების თემით სამართალდამცველების დაინტერესებას კატეგორიულად უარყოფენ.

 

„მწერალთა სახლი“, რომელიც მწერლებს აღარ ეკუთვნის

 

ქუთაისში, “მწერალთა სახლის“ შენობა ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა