|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაჭაში რთველის დროს 1500 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა (R)

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთისა და რაჭის რეგიონებში რთველი ორგანიზებულად ჩატარდა. 27 ოქტომბრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 143 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მოსახლეობის შემოსავალმა 102 მლნ ლარს გადააჭარბა. ღვინის საწარმოებში ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში გადამუშავდა 1500 ტონამდე ყურძენი, მათ შორის, 1325 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული. მოსახლეობის შემოსავლებმა 6,6 მლნ ლარი შეადგინა. რეგიონში ყურძენი ჩააბარა 1 700-მდე მევენახემ.

,,კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულდა და შტაბებიც დაიხურა. წელს, პრაქტიკულად, ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 141,6 ათას ტონამდე. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს, უკვე გადამუშავდა 1500 ტონამდე ყურძენი, მათ შორის, 1325 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც რთველის პროცესში იყო ჩართული.

,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი სამანიშვილს, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს,  ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს,  შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსხაურებს. მნიშვნელოვანი იყო თანადგომა სხვა რეგიონებიდან, სადაც დაახლოებით 30 ათას ტონამდე ყურძნის რეალიზაცია მოხდა. წლევანდელი რთველი ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო მაგალითი კოორდინირებული მუშაობის, თანამშრომლობის და გუნდურობის, რამაც დადებითი შედეგიც გამოიღო“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი რთველს წარმატებულად აფასებს.

„რთველი ფაქტობრივად დასრულდა. ყურძნის კრეფა გრძელდება დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში - ლეჩხუმი, სამეგრელო, გურია და აჭარა. წლევანდელ რთველზე შეიძლება ითქვას, რომ ის იყო წარმატებული, რადგან, პირველ რიგში, ის ჩატარდა ორგანიზებულად. მევენახეებმა მიიღეს კარგი შემოსავალი, იმაზე მეტი, რაც იყო დანახარჯები ყურძენზე და რაც მთავარია, გადაუმუშავებელი ყურძენი არ დარჩენილა. მოსავალი ხარისხობრივად და რაოდენობრივად იყო საკმაოდ კარგი,“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა