|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რეგიონებში ზეწოლის ფაქტები გახშირდა"-თემურ ცამციშვილი

პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" იმერეთის ორგანიზაციის  ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ბაღდათის კომისარიატს ზეწოლაში ადანაშაულებს. ცამციშვილის თქმით, ბაღდათში მცხოვრებ ჯონი ენდელაძეს კომისარიატში „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობის ჩაბარების შემდეგ განუცხადეს, რომ მას სავალდებულო სამხედრო სამსახურში მაინც გაიწვევდნენ.

„არჩევნების შემდეგ წვევამდელების გაწვევა განახლდა. ბაღდათიდან დაგვიკავშირდა მოქალაქე, რომელმაც კომისარიატში „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობა წარადგინა. ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ მისი საბუთი არაფერს ნიშნავს და ჯარში მაინც წაიყვანდნენ. მსგავსმა შემთხვევებმა რეგიონებში იმატა. ბოლო დროს ქუთაისიდან არ მოუმართავთ, თუმცა რეგიონებიდან ხშირად გვირეკავენ და ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს“, -განაცხადა ცამციშვილმა.

ჯონი ენდელაძის განცხადებით, კომისარიატში მოწმობის ჩაბარების შემდეგ მას უთხრეს, რომ მისი საქმე უკვე სამხედრო პოლიციას გადაეცა და ჯარში აუცილებლად გაიწვევენ.


„როცა მოწმობა ჩავაბარე, მითხრეს, რომ ჩემი საქმე უკვე სამხედრო პოლიციას გადაეცა და ჯარში მაინც გამიწვევდნენ. რომ ვიკითხე, ვის ვესაუბრებოდი, არც სახელი და გვარი მითხრა და არც ტელეფონის ნომერი. ჩემი უფლებაა, მინდა გეტყვი და მინდა არაო“,- აღნიშნა ენდელაძემ "ნიუპრესთან" საუბრისას.

ბაღდათის კომისარიატის უფროსის, კახაბერ ენუქიძის განცხადებით, როცა უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, ჯონი ენდელაძე მათ თვალწინ სახლიდან გაიქცა, რის შემდეგაც საქმე სამხედრო პოლიციას გადასცეს.

„როცა მოქალაქეს სახლში უწყების ჩასაბარებლად მივაკითხეთ, ჩვენს თვალწინ ფანჯრიდან გადახტა და სახლიდან გაიქცა. ამის შემდეგ მისი საქმე სამხედრო პოლიციას გადავეცით. ეს მოხდა წინა კვირაში. ენდელაძემ კი „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობა დღეს მოიტანა. სჯონს ჯერ თვითონ ის   გაარკვიონ, რა საბუთი წარმოადგინა, სად უნდა ილოცოს და რა რიტუალი ჩაატაროს. არც იცოდა, რა საბუთი მოიტანა ჩვენამდე. მას ჯარში ვეღარ გავგზავნით, თუმცა მის საქმეს სამხედრო პოლიცია გადაწყვეტს“, -განაცხადა ენუქიძემ.

შეგახსენებთ რომ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობა წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა