|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ექვთიმემ ჩემი ცხოვრება გააცოცხლა, საქართველოში დამაბრუნა -რეზო ჩხიკვიშვილი

ექვთიმემ  ჩემი ცხოვრება გააცოცხლა, საქართველოში დამაბრუნა, - განაცხადა მთავარი როლის შემსრულებელმა,  გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცის" ქუთაისში ჩვენების შემდეგ.

"ბევრი რამე ემთხვევა ჩემი და ექვთიმესი - 24 წელი მეც ემიგრაციაში ვარ, დიდმა ექვთიმემ პატივი დაგვდო, რომ ჩვენ გავაცოცხლეთ ეკრანზე, მანაც გააცოცხლა ჩემი ცხოვრება, იმით, რომ მე საქართველოში დამაბრუნა, თქვენთან შემახვედრა. 

მე ქუთაისში ბოლოს  1985 წელს ვიყავი,  უფრო ადრე კი  გასტროლით "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" ჩამოვედი. მაშინაც უამრავი ხალხი იყო, მილიცია იცავდა წესრიგს, მე დაგვიანებული მოვედი და არ მიშვებდნენ, ბილეთი გვაჩვენეო.

 "დარაბებიდან" "ექვთიმემდე" ძალიან რთული გზა იყო, ნოსტალგიის, დარდის, იმედის, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვების, ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ.

თითოეულმა ჩვენთაგანმა გული და სისხლი ჩავდეთ ამ ფილმში, მაგრამ მთავარი გმირი ამ ისტორიაში არის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელმაც შეძლო ის, რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებდა, 300 ლარით დავიწყეთ გადაღებები.   2 წელიწად ნახევრის განმავლობაში,  ყოველ ჯერზე,  როდესაც უკან მივფრინავდი,  ვფიქრობდი, რომ ვეღარ ჩამოვიდოდი,  ფილმი აღარ დამთავრდებოდა, მაგრამ წლების წვალების შემდეგ გავედით ფონს.  ეს არის გამარჯვება იმ სიყვარულის, რამაც გაგვაერთიანა, იმ მადლის, რომელიც დიდმა ექვთიმე ღვთისკაცმა მოგვაფრქვია", -განაცხადა რეზო ჩხიკვიშვილმა.

ფილმის რეჟისორის ნიკოლოზ ხომასურიძის შეფასებით, "რეზოს ფილმში ერთი წუთითაც არ უთამაშნია". 

 

 "ექვთიმე ღვთისკაცის" ქუთაისური პრემიერა [PHOTO]

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა