|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რკინიგზელი მანდილოსანი - ვერა გლუნჩაძე

ამ ქვეყნიდან ზეციურ საქართველოში წავიდა აფხაზეთის ტექნიკური ინტელიგენციის და საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი, ათეული წლების განმავლობაში აფხაზეთელ სახელოვან რკინიგზელთა რიგებში ყოველთვის გამორჩეულად და ენერგიულად მომუშავე, თავისი საქმის ღრმად მცოდნე, როგორც იტყვიან, ხშირად მამაკაცური საქმის დიდი პასუხისმგებლობით მკეთებელი, რკინიგზელებში გამრჯე და გამოცდილი სპეციალისტის სახელის მატარებელი სპეციალისტი, ღვაწმოსილი პიროვნება შესანიშნავი დედა და საყვარელი ბებია, ბრწყინვალე ადამიანი ვერა გიორგის ასული გლუნჩაძე.

დღეს იშვიათად არიან ასეთი ადამიანები.  შეიძლება არ დაინტერესდე ამ არაჩვეულებრივი პიროვნების, აფხაზეთში, უპირველესად სოხუმშიგიორგიევნა“– სახელით ცნობილი ქალბატონის, თუნდაც მოკლე ბიოგრაფიით. ქალბატონი ვერას, გასული საუკუნის ურთულესი 30–იანი წლების დაბადებული, მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს პერიოდში, ნაადრევად დაკარგული დედის და ომში დაღუპული მამის, გიორგი გლუნჩაძის ოჯახში, 3 დედმამიშვილთან ერთად გაზრდილი, ამ ომის შემდგომ საბჭოური აღმშენებლობის წლებში ნასწავლი, სპეციალისტად და მოღვაწედ ჩამოყალიბებულია. ვერას მამა გიორგი მჭედელი ყოფილა. იგი ამბობდა თურმე, „კაცი ყოველთვის მტკიცე და ცეცხლივით ფიცხი უნდა იყოსო“. ეს სიტყვები სულ ახსოვდა ქალბატონ ვერას და მისი მტკიცე ხასიათიც ეტყობა ამ სიტყვების ზეგავლენით ჩამოყალიბდა, თუმცა მის ხასიათში, მჭედელი მამისგან გადმოცემული დიდი სითბოსა და სიკეთის გრძნობაც იყო მყარად ჩაბეჭდილი. ვერა გიორგიევნა, ზოგჯერ იხსენებდა მეორე მსოფლიო ომის წლებს, თუ როგორი ენთუზიაზმით მუშაობდნენ და სწავლობდნენ ის და მისი ახალგაზრდა თანატოლები.

იმ დროში დღეს და ღამეს შრომასა და სწავლაში ვასწორებდით“– ეტყოდა ხოლმე ვერა გიორგიევნა 90–იანი წლების სოხუმელ ახალგაზრდებს დათქვენ რა გჭირთ“ - კიცხავდა მათ.

ვერა გიორგიევნამ საშუალო სკოლის შემდეგ, თბილისის რკინიგზის სახელმწიფო ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა და როგორც იყო იმ დროს მიღებული, განაწილებით რუსეთში, ქალაქ ბრიანსკის რკინიგზის დეპოს სავაგონო უბანში განაწესეს სამუშაოდ. ეს ომის შემდგომი პერიოდია. რკინიგზა იმ დროსმითუმეტეს, უდიდეს როლს თამაშობდა ომის შედეგად გაჩანაგებული ეკონომიკის აღორძინებაში. ახალგაზრდა ვერა, ომიდან დაბრუნებული კაცების ბრიგადაში, ბრიგადირად დაუნიშნავთ. საქმისთვის მალევე აუღია ალღო და წარმატებით გაურთმევია თავი. ყოფილა შემთხვევები, როცა 2–3 დღის გასაკეთებელი საქმე მის ბრიგადას 1 დღეღამეში გაუკეთებია! 1954 წლიდან უკვე ვერა გიორგიევნა სოხუმშია. ის აფხაზეთის სარკინიგზო კვანძის (ასე ერქვა მას), სოხუმის სავაგონო უბნის, ახალგაზრდული ბრიგადის ხელმძღვანელი ხდება. ბრიანსკის დეპოში შეძენილი პრაქტიკული გამოცდილება აქ სოხუმში მას ძალიან კარგად გამოდგომია! სპეციალისტების უკმარისობა ყოფილა.

ახალგაზრდა ვერა ხშირად მამაკაცების მაგივრად სახარატო ან საფრეზო დაზგებთან მდგარა და ლითონის რთული დეტალები უმზადებია! ბრიგადაშიც მალე სისტემური მუშაობა აუწყვია და რკინიგზის ხელმძღვანელობის ყურადღება მიუპყრია. ახალგაზრდა, ენერგიული და საქმიანი ვერა, რკინიგზის კომკავშირული ორგანიზაციების მდივნად აურჩევიათ. ეს მისი საზოგადოებრივი საქმიანობა ყოფილა, ერთდროულად სავაგონო უბანში წარმატებით მუშაობდა, ის ჯერ ოსტატის თანანმდებობაზე, მერე სავაგონო უბნის უფროსად დაუწინაურებიათ! უმუშავნია რეზერვის უფროსადაც. „რკინიგზელ მანდილოსანს ყველგან წარმატებები სდევდა თან“– წერდნენ იმდროინდელი გაზეთები ვერა გიორგიევნაზე!

არქიტექტორის, ლევან და ლოლა მუშკუდიანების მიერ ახალაშენებული და ექსპლუატაციაში გაშვებული, რკინიგზის ულამაზეს სადგურზე არსებული სიტუაცია მოითხოვდა მეტ წესრიგს და კარგად ორგანიზებულ მუშაობას. სწორედ ამ დროს, რკინიგზის სადგურის უფროსად ინიშნება ქალბატონი ვერა. მოკლე დროში მან შესძლო . სოხუმის რკინიგზის სადგურში სისტემური მუშობა აეწყო და იქ სამაგალითო წესრიგი დაემყარებინა. ქალბატონი ვერა, როგორც საკუთარი თავისადმი, ასევე თანამშრომლებისა და კოლეგებისადმი მომთხოვნი, მკაცრი, მაგრამ ყოველთვის სამართლიანი იყო.

 

 
ადამიანების საჭიროებებისა და პრობლემებისადმი გულისხმიერებას იჩენდა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მათ! ვერა გიორგიევნას ორგანიზაციული ნიჭი და ადამიანური თვისებები კიდევ უფრო გამოვლინდა და ის ქალაქისა და მთელი აფხაზეთის დონეზე იქნა დანახული მაშინ, როცა ქალბატონი ვერა აფხაზეთის რკინიგზის კვანძის მრავალრიცხოვანი პარტიული ორგანიზაციის (მოგეხსენებათ ის მაშინ იყო ერთადერთი მმართველი პარტია ქვეყანაში) ხელმძღვანელად, პარტკომის მდივნად აირჩიეს. ეს თანანმდებობა თავისი მნიშვნელობით და სტატუსით, იმ დროს, აფხაზეთის სარკინიგზო კვანძის უფროსის მაღალი თანანმდებობის ტოლფასი იყო! ქალბატონი ვერა, რკინიგზაზე, თუ ქ. სოხუმის მასშტაბით მრავალი საინტერესო ინიციატივის ავტორი და განმახორციელებელი გახლდათ. ეს იყო ქალაქის დასუფთავება, მისი გალამაზება, გამწვანება, გზების შეკეთება/კეთილმოწყობა, თანამშრომლებისათვის ბინების მშენებლობა და სხვა. ვერა გიორგიევნა, განურჩევლად ეროვნებისა, ბევრ ქართველს და აფხაზს დახმარებია კარიერულ წინსვლაში, სათანადო სწავლა–განათლების მიღებაში, გამოუვლენია ბევრი დამსახურებული რკინიგზელი და ქვეყნის მარალ ჯილდოზე წარუდგენია. ასეთები იყვნენ, მაგალითად მემანქანეები: აფხაზი ივან გუბაზი და ქართველი ჯუმბერ კახნიაშვილი, რომლებიც საკავშირო დონის საპატიო რკინიგზელის წოდებით დაჯილდოვდნენ. ისინი აგრეთვე იყვნენ აფხაზეთის და საქართველოს არაერთი მოწვევის დეპუტატები.

უფროს თაობას კარგად გვახსოვს, დრომოჭმული საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესს ახლდა, მასში შემავალ რესპუბლიკებში და მათ შორის საქართველოში, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკებში ეროვნული მოძრაობის გაძლიერება, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გააქტიურება. საქართველოში მიმდინარე პროცესების ეპიცენტრი იმ დროს სოხუმი იყო. ამ პერიოდში, რკინიგზა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული ობიექტი გახდა ერთ–ერთი სამიზნე, სახელმწიფო სტრუქტურების შერყევის და ჩამოშლისათვის. ძალიან გართულდა რკინიგზის მუშაობის სტაბილურობის შენარჩუნება, ხშირად იმართებოდა გაფიცვები, მემანქანები აჩერებდნენ ელმავლებს, ხშირად ჩერდებოდა მოძრაობა. ამ დროს ქალბატონი ვერა თავისი მაღალი ავტორიტეტისა და მოქნილი მიდგომის წყალობით, რკინიგზელ კოლეგებთან ერთად ახერხებდა აფხაზეთის რკინიგზაში გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისათვის ტვირთების მიწოდებას, მგზავრების გადაყვანას. რკინიგზელები დღემდე იხსენებენ იმ ეპიზოდს, როცა ვერა გიორგიევნამ პირადად დაარწმუნა ერთ–ერთი მემანქანე წასულიყო მასთან ერთად და სიცოცხლის რისკის ფასად სოხუმში ჩამოეყვანა ახალ ათონში გაჩერებული ვაგონი, რომელშიც ისხდნენ მშიერ–მწყურვალი ბავშვები...

ვერა გიორგიევნა იმ დროს აქტიურად თანამშრომლობდა ძალოვან სტრუქტურებთან, პროკურატურასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მას ხშირად „დაჭერებისგან“ გადაურჩენია აქციებისა და გაფიცვების ორგანიზატორები, ახალგაზრდები. ბევრჯერ თავიდან აუცილებია რკინიგზაში ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირება, დაურეგულირებია მათი ურთიერთობა პიროვნულ დონეზე... სამწუხაროდ, მთლიანად აფხაზეთში დაპირისპირების შეჩერება ვერ მოხერხდა, ის კრემლიდან იმართებოდა და მოგეხსენებათ, ის ომში გადაიზარდა, ყველასთვის ცნობილი საბედისწერო შედეგით.

ენერგიით სავსე და გამოცდილ ვერა გიორგიევნას ვერ მიეცა საშუალება გაეგრძელებინა აფხაზეთში თავისი საყვარელი საქმე, ეცხოვრა სოხუმში და ემსახურა თავისი ხალხისთვის, თავისი ქალაქისათვის! ცხოვრების ბოლო წლები ქალბატონმა ვერამ თავის ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად თბილისში გაატარა, სადაც ახლახან გარდაიცვალა.

სამწუხაროდ, პანდემიამ ბევრ მის ნათესავს, ახლობელს და მეგობარს გამოთხოვების საშუალება არ მისცა. თბილისში ვერ ჩამოვიდა ბულგარეთში მცხოვრები მეორე ქალიშვილი და მისი მეუღლე დავით კვარაცხელია – ცნობილი სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი ავტორბოლაში. ნათელში ყოფნას, ვუსურვებთ ამ დამსახურებულ ქალბატონს, ვერა გლუნჩაძეს!

 

ნოდარ ლოგუა, ხუტა ცალანი, რამინ ბულისკირია, პაატა ქალდანი,

მარინა ზუხბაია, ალუ გამახარია, ოთარ ბენიძე, ავთანდილ ხაზალია.

 

სურათი მოწოდებულია სოხუმელი მემატიანის, შუქრი დგებუაძის მიერ.

P.შ. ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა უნდა იღონონ, რომ რკინიგზა ენგურის კვეთით ამუშავდეს და იმოძრაონ მატარებლებმა სოხუმსა და თბილისს შორის. გვჯერა, ქალბატონი ვერასნაირი ადამიანები უეჭველად გააკეთებდნენ ამას!

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა