|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციას საარჩევნო სია დაუწუნეს?

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციაში წინასაარჩევნო სამზადისი უკვე დაიწყო.

ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, კამპანია ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა. "საარჩევნოდ ვემზადებით, ნელ-ნელა ვიწყებთ მობილიზებას, თუმცა აქტიური საქმიანობა ჯერ არ დაწყებულა", - განაცხადა მან "ნიუპრესთან" საუბარში.

ჭიღვარიას განცხადებით, მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა, ასევე საარჩევნო სია ივლისში გახდება ცნობილი. 

გიორგი ჭიღვარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ცენტრალურმა ოფისმა მათ მიერ მიწოდებული საარჩევნო სია დაიწუნა. მისი თქმით, ცენტრალურ ოფისს გადასცეს არა სია, არამედ ინფორმაცია.

"სრული ინფორმაცია გუნდზე, საკრებულოს დეპუტატებზე, მიწოდებული გვაქვს ცენტრალური ოფისისათვის, საბოლოოდ ცენტრალური ოფისი დაადგენს საარჩევნო სიას.  საკმაოდ დიდი ბაზა გვაქვს მიწოდებული, რომელსაც ისინი დაწურავენ და დაამუშავებენ", - აცხადებს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ამავე დროს იმერეთის ვიცე-გუბერნატორია.

მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა დასახელებული კანდიდატები ინფორმაციის დადასტურებისაგან თავს იკავებენ და ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

თავის მხრივ, არც ჭიღვარია ადასტურებს ინფორმაციას მერის პოსტზე მისი კანდიდატურის არსებობის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებმა შესაძლოა, ლოგიკურად იმსჯელეს: "რადგან ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომ ქალაქის ამჟამინდელი მერი, შოთა მურღულია იყრის კენჭს ამ პოსტზე, ამიტომ ლოგუიკურად მიიჩნიეს, რომ მერობის კანდიდატი "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნებოდა",-აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.  

ავტორი: ირინა მაკარიძე