|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ბედი ელის ქუთაისში, "სამხატვრო სკოლაში" შესახლებულებს?

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის 18 ნომერში მდებარე ყოფილ "სამხატვრო სკოლაში" თვითნებურად შესახლებული 22 ოჯახი ცხოვრობს. როგორც შენობაში შესახლებულები აცხადებენ, მერია მათ შენობის დატოვების შემდეგ სოციალურ საცხოვრისში გადაყვანას პირდება. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე დაათვალიერეს სოციალური საცხოვრისი და ახლა მსჯელობენ, დატოვონ თუ არა შენობა.

"შენობა კარგია, მაგრამ იქ ხუთი წლით გვიშვებენ მხოლოდ, ამიტომ ვფიქრობთ, გადავიდეთ თუ არა",-აცხადებენ ისინი.

 მათ საცხოვრისში გადასვლისკენ მოუწოდებს გოგი წულაია. "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მერიას უფლება აქვს "სამხატვრო სკოლაში" თვითნებურად შესახლებულები გამოუშვას, რის გამოც  ხუთი წლით მიცემულ თავშესაფარსაც დაკარგავენ.

'სამხატვრო სკოლაში" მცხოვრებლები ვერ აკონკრეტებენ, თუ ვისგან მიიღეს შემოთავაზება, თუმცა ადასტურებენ, რომ შენობაში უკვე იყვნენ და ამის ამსახველი ფოტოებიც აქვთ.

შენობის ბინადართა განცხადებას არ ადასტურებენ მერიაში. როგორ პრესსსამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა.

"სოციალურ საცხოვრისში ბინები გაიცემა კრიტერიუმების მიხედვით და არა შეთავაზებით, შესაბამისი კომისია შეისწავლის განცხადებებს, მათ შორის შესაძლოა, იყოს იმ ადამიანების განცხადება, რომლებიც ამ შენობაში ცხოვრობენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათთან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა",-აცხადებს მერიის პრესსამსახური.

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა იანვარში დასრულდა. 2  მილიონ ლარად მოწყობილ შენობაში ბინას 48 ბენეფიციარი მიიღებს. ბენეფიციარების შერჩევა დადგენილი კრიტერიუმებით მოხდება.

ჯერ არ არის ზუსტი ინფორმაცია, რა მოეწყობა "სამხატვრო სკოლის" ძველ შენობაში. შესაძლოა მან კვლავ ძველი ფუნქცია დაიბრუნოს, რადგან  შენობიდან თვითნებურად შესახლებულების გამოსახლებას გასულ წელს მერიის "კულტურულ დაწესებულებათა" ააიპის ხელმძღვანელი ელისო ქაროსანიძე ითხოვდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა