|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საოცნებო საქართველო- რუსთაველზე მოკლული გოგონას მკვლელი თავისუფალია"

თბილისში რუსთაველის პროსპექტზე მომხდარ ავტოავარიას ქუთაისელი გოგონა  სოფო ბერიძე ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მკვლელი გავლენიანი მფარველების დახმარებით  თავისუფალია.

"გუშინწინ რუსთაველზე მოკლული გოგონას მკვლელი გიორგი (გიბო) ჯაფარიძე თავისუფალია!
მისი ML, მერსედესის მარკის ჯიპი, რომელსაც იგი სავარაუდოდ მთვრალი მართავდა, გადავიდა საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლზე და შეეჯახა თავის გზაზე მიმავალ ტაქსის მანქანას, რომელშიც იჯდა სოფო...

ამავე მერსედესში იჯდნენ გიორგი ჯაფარიძის ძმა და სიძე, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ხსენებული ძმები ქართული ოცნების მესტიელი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები არიან, მისი სახელით მოქმედებენ, "ალაგებენ სიტუაციებს" მესტიაში კრიმინალური მეთოდებით და კრიმინალურ სამყაროსთან ერთად. და უზრუნველყოფენ, რა თქმა უნდა, ოცნების ხმებსა და მხარდაჭერას რაიონში! იქ მათ სახელს არაერთი სისხლიანი და ძალადობრივი აქტი უკავშირდება.

სწორედ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და სოზარ სუბარის დიდის მეცადინეობითა და მცდელობით მკვლელი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს! ამჟამად ისინი გარდაცვლილი გოგონას ოჯახთან ცდილობენ მოლაპარაკებას...

რა აზრი აქვს ლაპარაკს, ცხოვრებას, თუნდაც კანონის გამკაცრებას იქ, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არა აქვს?! ფაქტობრივად რეანიმირებულ შევარდნაძის ეპოქაში ვართ: კანონის, სასამართლოს, სამართლის, თანასწორობის ელემენტარული განცდის გარეშე დარჩენილი... სადაც მხოლოდ ხელისუფლების წევრები და მათთან დაახლოებულნი მიიჩნევიან ადამიანებად!

"საოცნებო საქართველო"..."-წერს ცოტნე გამსახურდია.  

მის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით პოლიციას რომ ეჭვნიტანილი დაკავებული არ ჰყავს, ადასტურებს შსს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ სამივე ავტომობილის მძღოლი პოლიციის მიერ მოწმის სახით არიან დაკითხულები. 

"მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში, დაინიშნა ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ექნება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირის მიმართ განხორციელდეს კანონის შესაბამისი ღონისძიებები.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სამივე მძღოლს, მომხდართან დაკავშირებით ისინი პოლიციის მიერ მოწმის სახით გამოიკითხნენ.

საზოგადოების ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ, კანონის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული პირის გამოკვეთა და მისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ აღნიშნული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე",-ნათქვამია უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა