|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველომ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) შეთანხმება გააფორმა

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან(EFTA) გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს.
 დოკუმენტს გუშინ ბერნში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტისა და EFTA-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა იოჰან შნაიდერ-ამანმა და EFTA-ს ქვეყნების მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, წარმოებული პროდუქტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე, დამატებით 14-მილიონიან, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე შეიტანონ.
შეთანხმება საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობას; სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს; ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში; წარმოშობის წესებს, ვაჭრობის ხელშეწყობასა და საბაჟო საკითხებში თანამშრომლობას; ინვესტიციებს; ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს; სახელმწიფო შესყიდვებს; კონკურენციას; ვაჭრობაში დაცვით ზომებსა და მდგრად განვითარებას მოიცავს.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს არჩევანი, გააფართოოს თავისუფალი ვაჭრობა, გაცილებით უფრო ახალია. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს და გასული 25 წლის მანძილზე, ქვეყანამ საოცრად ბევრს მიაღწია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ზრდის საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების რაოდენობას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს, მსოფლიოს მოწინავე და ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური სისტემების მქონე ქვეყნებთან ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, შვეიცარიასთან, ისევე, როგორც EFTA-ს დანარჩენ სამ ქვეყანასთან, განმტკიცდება ყველა სექტორში და ჩვენ გავხდებით პარტნიორები ამ სიტყვის გაცილებით უფრო ღრმა მნიშვნელობით. ჩვენ დღეს ამას, დიდწილად, უკვე მივაღწიეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მინდა, გამოვხატო მადლობა მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფების მიმართ, მათ მიერ გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის. მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები საოცრად მოკლე ხანში დასრულდა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა