|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში საქართველოს ეროვნული გმირი - მერაბ კოსტავა გაიხსენეს

საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით წყალტუბოში ეროვნული კვირეული ტარდება.  პირველი ღონისძიება ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. მოსწავლეებმა  მერაბ კოსტავას ცხოვრება და მის მიერ გატარებული მძიმე წლები გაახსენეს საზოგადოებას.

 ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს უახლესი ისტორიის სისხლიანი რეჟიმი, დრო, როცა ჯერ კიდევ მე-10 კლასის მოსწავლე მერაბ კოსტავა და მისი მეგობრები ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისთვის დააპატიმრეს.

ახალგაზრდებმა ისაუბრეს მერაბის და ზვიად გამსახურდიას  მეგობრობაზე, გაიხსენეს 9 აპრილიც  და იმ ღამით მერაბ კოსტავას გამოსვლის კადრებიც აჩვენეს მაყურებელს. „შავლეგო“, ეროვნული მოძრაობის გმირი“, ქართველობის და ვაჟკაცობის სიმბოლო“, „საქართველოს შიშველი სატევარი“ - ასე შეამკეს და დაახასიათეს მერაბ კოსტავა იმ ასაკის გოგო-ბიჭებმა რა ასაკშიც მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა რეჟიმს სრულიად შიშველი ხელებით და სამშობლოს სიყვარულით ანთებული გულით ებრძოდა.

მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა, 1989 წლის 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა. მას ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს.

წყალტუბოში, ეროვნული კვირეულის პირველ ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა