|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში დღეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა გაგრძელდება

 საქართველოს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა დღეს გაგრძელდება.  დეპუტატები მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ნულპროცენტიანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. საკითხის გატანას 113 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება. 

გუშინ საკითხის განხილვის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ეთანხმებიან და სადეპუტატო მანდატის დატოვებითაც დაიმუქრნენ.

არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 20-მდე დეპუტატი ეწინააღმდეგება. საკითხთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ოფისში ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება, რომელსაც "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

გუშინ საზოგადოების წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საფრხთე ემუქრებოდა, რის გამოც პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "არ გაბედო" გამართეს.  აქციის მონაწილეები მმართველ ძალისაგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულებას მოითხოვენ.  აქცია საპარლამენტო ცვლილებების განხილვის პარალელურად დღესაც გაგრძელდება.  

შეგახსენებთ,  ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, ტუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით, 3%-იანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობდა, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.  200 000-ზე მეტი მოქალაქის მხარდაჭერილ კანონპროექტს  მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა. 

 

ავტორი: ნიუპრესი