|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასკოლო გამოცდებზე 2900-მდე მოსწავლე ჩაიჭრა

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აღნიშნულმა მოსწავლეებმა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში ბარიერი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებზე დაფიქსირებულ შედეგებს, საქართველოს მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული მოსწავლეების თითქმის 98%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა. არ გამოცხადდა დარეგისტრირებულთა დაახლოებით 2%, რაც ყოველწლიური სტანდარტული მაჩვენებელია.

უცხოური ენის გამოცდაზე 43 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა დაახლოებით 85%-მა (ზღვრის გადასალახად მოსწავლეს დაახლოებით 15 ყველაზე მარტივ კითხვაზე უნდა გაეცა სწორი პასუხი).


ისტორიის გამოცდაზე 42 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 95%-ზე მეტმა. 
მათემატიკის გამოცდაზე კი, 42700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86%-ზე მეტმა.

გამოსაშვებ გამოცდაზე 47 000-მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი, რეგისტრაცია 41 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. აღნიშნულ მაჩვენებელს გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი 2900-მდე მოსწავლე გამოაკლდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი