|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ 47 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბოლო 2 თვის მანძილზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. 
როგორც შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამოღებულია 50 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რასთან დაკავშირებითაც პასუხისგებაში 47 პირი მიეცა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაა, რაც თავის მხრივ სხვა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციის მთავარ პირობას წარმოადგენს. მსურს გაცნობოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო ორი თვის მანძილზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 47 პირი", - აღინიშნა მიხეილ ძაგნიძემ.
მისივე განმარტებით, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღიდან და საბრძოლო მასალებიდან 31 პისტოლეტი, 10 ავტომატი, 3 რევოლვერი, 3 შაშხანა, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 1116 საბრძოლო ვაზნაა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი