|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტი აღკვეთა

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტი აღკვეთეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნეიმათ კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ბრალდებით, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "კალაშნიკოვის" სისტემის, "ა-კა 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 32 საბრძოლო ვაზნით, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ერთი მჭიდით, 8 საბრძოლო ვაზნით და 6 ათასი ლარი ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნეიმათ კ. აღნიშნული იარაღის და საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას აპირებდა და მყიდველისგან 6 ათასი ლარი ჰქონდა აღებული. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი