|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალებმა“ ქუთაისში კერძო ბიზნესს ქონება შეაწერეს?!

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, სადაც სამშენებლო მასალების მაღაზია  შპს „გორგია“ უნდა გახსნილიყო, „ნაციონალური მოძრაობის“  საარჩევნო შტაბი განთავსდა. „გორგიას“ ფილიალის გახსნის საკითხი კი ამ ეტპაზე გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა აღნიშნულ  შპს–ს ფართი  „შეაწერა“.

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობა, სადაც ამ ეტაპზე „ნაციონალები“ არიან განთავსებული,  ყოფილ მინისტარის ქარხანას ეკუთვნოდა. აღნიშნული ქარხნიდან ფართი წლების წინ რუსმა ბიზნესმენებმა იყიდეს, რომლებმაც შემდეგ ნაგებობა  შპს „გორგიას“ იჯარის წესით გადასცეს. აღნიშნული კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშენებლო–სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტს  ეწევა, ხოლო  იმპორტირებული საქონლის რეალიზებას  საქართველოში,  სომხეთში, აზერბაიჯანში,   უკრაინასა და ყაზახეთში ახორციელებს. „გორგიას“ ოფისები ბათუმსა და თბილისში აქვს განთავსებული. იმ მაღაზიას კი რომელიც ქუთაისში უნდა გახსნილიყო, კომპანიის ბათუმის ფილიალი ხელმძღვანელობს.

ქუთაისში,  „გორგიას“ რიგით მესამე ფილიალის გასახსნელად, კომპანია ფართს წლების განმავლობაში ამზადებდა. იჯარით აღებულ შენობას, რომელიც თავიდან 2–სართულიანი იყო, შპს–მ კიდევ ერთი სართული დაამატა და გაარემონტა.

ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამშენებლო მასალების მაღაზია ადგილზე აქამდეც უნდა გახსნილიყო. თუმცა მაღაზიის გახსნის დაგვიანების მიზეზები მათთვის უცნობია.

ქუთაისში კომპანიის ახალი მაღაზიის გახსნის შესახებ ჯერ კდევ გასული წლის მაისში, ერთ–ერთ საინფორმაციო საააგენტოსთან საუბარში „გორგიას“ დირექტორი ზურაბ ეგაძე ავრცელებდა ინფორმაციას. ეგაძე მაღაზიის გახსნის ზუსტ თარიღს არ ასახელებდა, თუმცა ამბობდა, რომ ის მალე გაიხსნებოდა.

„გორგიასთვის“ განკუთვნილ შენობაში ამ დრომდე სამშენებლო მასალები არ დევს, თუმცა ფართი „ნაციონალებმა“ უკვე აითვისეს და საარჩევნო შტაბი მოაწყვეს. მმართველი გუნდს  შტაბისთვის შენობის პირველ სართულზე რამდენიმე ოთახი აქვს ათვისებული.  შტაბის შესასვლელში, კედელზე  ხუთჯვრიანი დროშაა განთავსებული. გარდა ამისა,  შენობაში საოფისე ტექნიკა, ინვენტარი დევს და პარტიულ საქმიანობაში ჩართული პირებიც იქვე იმყოფებიან.  როგორც აღნიშნულ საარჩევნო შტაბში ამბობენ, ქალაქის მასშტაბით კიდევ რადენიმე ახალი შტაბი გაიხსნა. ერთ–ერთი მათგანი აღმაშენებლის გამზირზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ  კორპუსთან მდებარეობს.  

არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ შენობაში, იმ ფართის საიჯარო თანხას, რომელიც მმართველ გუნდს საარჩევნო  შტაბისთვის აქვს ათვისებული, შპს „გორგია“ იხდის. აღნიშნულს ჭორს უწოდებს კომპანიის ერთ–ერთი დირექტორი ხვიჩა ბაბუნიძე. მისი თქმით, ქუთაისში მაღაზიის გახსნა მათი მიზეზით ვერ მოხერხდა.  „გორგიას“ კუთვნილ ფართში „ნაციონალების“ განთავსება კი მათსა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების საგანია.

„ორ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია. მასში წერია, რომ ხელშეკრულებას მესამე პირი არ უნდა გაეცნოს. ხელშეკრულების პირობების შესახებ საუბარი არ მსურს და არც კონფიდენციალური ინფორმაცის გაცემა. ვერც იმას  გეტყვით რამდენს გვიხდიან. მაღაზიის გახსნა ჩვენი მიზეზით ვერ მოხერხდა. მაგრამ მაღაზია აუცილებლად გაიხსნება“ – ამბობს ხვიჩა ბაბუნიძე.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების კომპანია „გორგიას“ სახელი იმ პროექტშიც ფიგურირებს, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს და მას „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“  ჰქვია. აღნიშნული პროგამა დახლოებით პროგრამა „კორპუსის“ მსგავსია, ხოლო პროგრამას სამშენებლო მასალებით მომარაგებას შპს  „გორგია“ უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში მსგავსი კომპანიების არსებობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად თვლიან.

კერძო ბიზნესისთვის ქონების „შეწერას“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აბსურდულად მიიჩნევენ. ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის ერთ–ერთი წევრის დავით გოგისვანიძის თქმით,  „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე არ უჭირს, რომ საკუთარი ოფისისა თუ შტაბის შენობის ფული ვერ გადაიხადოს.

„ახალ ოფისებთან და შტაბებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებს „ნაციონალური მოძრაობის“  ცენტრალური ოფისი აფორმებს და ფულსაც ის რიცხავს. ინფორმაცია ყველა ოფისისა და შტაბის შესახებ საჯაროა. თითოეულ მათგანზე წარწერა არის განთავსებული. გავრცელებული ინფორმაცია უკანონობაა და თითიდან გამოწოვილს ჰგავს.  ჩვენი ხელისუფლება ამას არ ჩაიდენს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე არ უჭირს, ოფისის თანხა სხვას გადაახდევინოს,“ – ამბობს დავით გოგისვანიძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე