|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სარეაბილიტაციო ქუჩებს ამომრჩეველთა ხმებით განსაზღვრავენ?!

ქუთაისში ამორტიზებული გზების საკითხი ამ დრომდე ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება. მაშინ როდესაც,  ქალაქის მერია პრობლემის მოგვარების პირობას  მოსახლობას ყოველ არჩევნებზე აძლევს. ამჯერად ირკვევა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა წლების წინ გაცემული დაპირებებიდან მიმდინარე წელს მხოლოდ ნაწილს შეასრულებს. მერიამ ქალაქში 60 ქუჩაზე გზის საფარის  სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ელექტრონლი ტენდერი უკვე გამოაცხადა.  

ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე  ამორტიზებული გზების შეკეთებას ადგილობრივი მაცხოვრებლები ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომაზე ელოდებოდნენ. რადგან,  „მაშინ წინა საარჩევნოდ იყვნენ  მოსულები  და გვითხრეს, რომ გზებთან ერთად სანიაღვრესაც მოგიწესრიგებთ ერთ კვირაშიო. მაგრამ აგერ ხედავთ რამდენად მოწესრიგებულია. იმედია ამ შემოდგომაზე მაინც გაახსენდებათ დანაპირები“, – ამბობს  ხუნდაძის #35–ში მცხოვრები დავით მსხვილიძე. ხუნდაძის ქუჩაზე ამდროისთვის მხოლოდ  წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.  როგორც ადგილობრივი  მაცხოვრებლები განმარტავენ, სწორედ, წყლის სისტემის მოწყობითი სამუშაოების შემდეგ იგეგმება მათთვის გზის საფარის მოწესრიგება. „ახლა ვიცით, რომ უნდა გააკეთონ და უფრო მშვიდად ვართ“, – აღნიშნავს ადგილობრივი მკვიდრი  მანანა გიორგაძე.

ხუნდაძის ქუჩის მსგავსად, შიდა გზები ამორტიზებულია  პ. ინგოროყვას ქუჩაზეც. როგორც ადგილობივი მაცხოვრებლები  ამბობენ, წვიმის დროს წყალი გუბეებად დგება „და ბაყაყებით ივსება. ვერ გავიგე ქალაქია თუ სად ვცხოვრობთ. დაპირების  უკვე აღარ გვჯერა. რადგან, ყოველ არჩევნებზე გვპირდებიან და შედეგი ნულია.  დაპირებებს   მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, როცა გააკეთებენ“, – აცხადებენ პ. ინგოროყვას ქუჩის მკვიდრნი.

ირკვევა, რომ ინგოროყვას ქუჩა მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო ქუჩების ნუსხაში მოხვდა. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ გზების კაპიტალურ შეკეთება შემოდგომისთვის იგეგმება, როგორც ცენტრალურ ქუჩებში, ასევე, მოხდება  შიდა გზების მოწყობასაც. „8 მლნ. ლარის ფარგლებში მოეწყობა როგორც ცენტარული გზები ისე შიდა ქუჩებიც“, - ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

მერიაში განმარტავენ, რომ გზების შეკეთებისთვის  განსაზღვრული 8 მლნ. ლარიდან, 2 მლნ. ლარი გზების კაპიტალურ შეკეთებას მოხმარდება. დანარჩენი კი, გზებზე დაწნეხილი ფილების დაგებას. გზებისთვის არსებული 8 მილიონიდან 3 მლნ. ლარი რეგიონალური განვითარების ფონდმა გამოუყო ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო  „დანარჩენი ადგილობრივი ბიჯეტიდან დაფინანსდება“, – ამბობს ჭანჭალეიშვილი.

ირკვევა, რომ 8 მილიონიანი ბიუჯეტი გზების პრობლემას ვერ მოუგვარებს თაბუკაშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლებს. აღნიშნულ ქუჩასაც, გზის საფარის სასწრაფო რეაბილიატაცია ესაჭიროება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ გზის საფარის მოწყობის დაპირება ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღეს. „მიმდინარე წლის  შემოდგომისთვის ამ ქუჩის გზის რეაბილიტაცია ვერ მოესწრება, რადგან ჯერ ღვარსადენები არის მოსაწყობი“, - აღნიშნავს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

„ღვარასადენები რომ გასაკეთებელია და აქ ტბა დგება ეს ახლა გაახსენდათ?! “, - აცხადებენ ადგილობრივები.

თაბუკაშვილის ქუჩის მკვიდრნი წლების განმავლობაში  მათ მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას სხვა მიზეზით ხსნიან. „აქედან თურმე ნაკლები ხმები მიაქვთ და ამიტომ არ გაქცევენ ყურადღებას. ეს ერთ-ერთმა ჩვენმა კოორდინატორმა გამოგვიცხადა. ხმებს საიდან მიიღებენ, როცა არც კი ახსოვთ ჩვენი არსებობა და წლების განმავლობაში ამ ჭაობში გვაცხოვრებენ. ან  ასეთი დამოკიდებულება და დაყოფა ამომრჩევლების  როგორ შეიძლება? ჩვენთვის რევოლუცია არ მომხადრა არც ვარდების და არც ეკლების“ - ამბობს თაბუკაშვილის  ქუჩის მკვიდრი ნინო მანაგაძე.

თაბუკაშვილის  ქუჩის მსგავსად, არ გაუმართლათ კ. გამსახურდიას ქუჩაძე მაცხოვრებლებს.


„გამსახურდიას ქუჩის გზის სარეაბილიტაციოდ, მიმდინარე წელს საჭირო ფინანსები არ გვაქვს“, -აღნიშნავს ჭანჭალიშვილი.

„ფანტანებისთვის ხომ აქვთ ფინანსები?! რომელი უფრო მნიშვნელოვანია – ფანტანები თუ 21- საუკუნეში ქალაქში გზის მოწესრიგება?“-  ამბობს კ. გამსახურიას #169-ში მცხოვრები მაია რევიშვილი.

ქუთაისში სულ 500–მდე ქუჩაა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აქედან, დაახლოებით 180–მდე ქუჩა უკვე რეაბილიტირებულია. რომელთაც მიმდინარე წელს კიდევ 60 ქუჩა უნდა დაემატოს. აღნიშნულ ქუჩებზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მერიამ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოცხადა. ტენდერის შედეგები აგვისტოში გახდება ცნობილი.

გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ, უშუალოდ გზების აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რომელიც დაახლოებით სამ თვეში უნდა დასრულდეს.

ავტორი: თეკლა მორგოშია