|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ყოფილი ციხე – პრობლემური და საიდუმლოებით მოცული ტერიტორია

ქუთაისში, გ.ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ციხის ყოფილი შენობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.  ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით,  მიტოვებული ყოფილი საპყრობილის შენობა  დასახლებაში  სხადასხვა ვირუსული ინფექციების გავრცელების საშიშროებას  ქმნის.

„საშინელი ანტისანიტარიაა. შიგნით რა ხდება კაცმა არ იცის. უკვე ქვეწარმავლების ბუდედ არის გადაქცეული ეს შენობა.  საღამოს გარეთ ვერ გამოვსულვართ, რადგან თრითინები და ვირთხები დადიან. ჩვენს ეზოებშიც კი შემოდიან“, –  ამბობს ადგილობრივი მცხოვრები დოდო ნიკოლაძე.

მოსახლეობა ამბობს, რომ ციხის ყოფილ შენობას პერიოდულად მათთვის უცხო პირები აკითხავენ.  მათივე თქმით, ბოლოს შენობას ორი თვის წინ სტუმრობდნენ და იქედან ჯართი  გაიტანეს. „თქვეს, რომ იუსტიციის სამინისტროდან იყვნენ.  მოკლედ,  არ ვიცით ვინ შედის და გამოდის,  მაგრამ ვიცით, რომ გაურკვევლია ამ შენობის ბედი. ყოველ შემთხვევაში ამდრომდე ასეა  მიტოვებული“, – აცხადებენ  ადგილობრივები.

„მოდიან ხოლმე  და  მიაქვთ დარჩენილი ინვენტარი, ეს ყველაფერი კი იუსტიციის სამინისტროს მეთვალყურების ქვეშ  ხდება“, – ამბობს ციხის ყოფილი დარაჯი ემზარ თევდორაძე. 

ადგილობრივი მცხოვრებლები ციხის  ყოფილი შენობის შესახებ სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ერთ–ერთი ვერსიით, ჯერ კიდევ  წლების წინ  ყოფილი საპყრობილის შენობა  გაიყიდა და ციხის ადგილას გასართობი დაწესებულება უნდა  აშენებულიყო. „თუმცა, არ ვიცით შემსყიდველი ვინ იყო. ხშირად დადიოდნენ  შენობის და მიმდებარე ტერიტორიის დასათვალიერებლად“, –  განმარტავენ ადგილობრივები.

კიდევ ერთი ვერსიით კი,  ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმებოდა. „ამ შენობით ძალიან ბევრი იყო დაინტერესებული. ითქვა ისიც, რომ შენობა  თითქოსდა ბურჯანაძემ შეისყიდა და სპორტ დარბაზის  აშენება უნდოდა. ბევრი რამ ითქვა. მაგრამ ჩვენთის მთავარია ტერიტორია მოაწესრიგონ და მოსალოდნელი საფრთხე აგვაცილონ!“,  – აცხადებენ ადგილობრივები.

მოსახლეობას ყოფილი ციხის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაზეც აქვს შენიშვნები. მათივე თქმით, დასუფთავების მანქანა მხოლოდ კვირაში ერთხელ მიდის.

„როგორ ფიქრობთ, კვირაში ერთხელ საკმარისია ნარჩენების გატანა დასახლებიდან, როცა ასეთი მიტოვებული შენობის გვერდით ვცხოვრობთ?“ – აღნიშნავენ ისინი.

ადგილობრივ თვითმმართველობაში კი ირწმუნებიან, რომ  ყოფილი საპატიმროს მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა და დასუფთავება ყოველდღიურად ხდება. „უშულოდ საპატიმროს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შესაბამისად, თვითმმართველობის უფლებამოსილება ციხის კარებთან წყდება“, – განმარტავენ ქუთაისის მერიაში. 

გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ციხის ყოფილი  შენობა საუკუნეებს ითვლის. „ეს შენობა ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში აშენდა. თავდაპირველად სხვა დანიშნულების იყო. თუ როდის გახდა შენობა სასჯელაღსრულების დაწესებულება, ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ  დაახლოებით მე–20–ე  საუკუნის დასაწყისიდან“, – განმარტავს  ციხის დარაჯი.

გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ციხე  650 მსჯავრდებულზე იყო გათვლილი. ციხე  2005 წელს,  მას შემდეგ  გაუქმდა  რაც,  ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ახალი,  #2–ე სასჯელაღსრულების  დაწესებულება აშენდა.  ამდრომდე სწორედ, ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაშია  გ. ტაბიძის ქუჩაზე არსებული  ყოფილი საპატიმროს შენობა.

„მართალია, ციხე გაუქმდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვართ და თვალყურს ვადევნებთ შენობას. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით მოსახლეობა გაანადგურებდა ამხელა შენობას“, – აღნიშნავს  ციხის დარაჯი.

რაც შეეხება,  მოსახლეობის პრეტენზიებსა თუ შენიშვნებს, ყოფილი ციხის ყოფილი დარაჯი  მათ არ იზიარებს.  „ის რომ ქვეწარმავლები ბინადრობენ და მოსახლეობას  ამის გამო საფრთხე ემუქრებოდეს,   სიმართლეს მოკლებულია. მაგრამ ის რომ მიტოვებული შენობა  თავისებურია, ეს ფაქტია“, – ამბობს  ემზარ თევდორაძე.  „ხოლო რაც შეეხება, ციხის შენობის გაყიდვა–არ გაყიდვის საკითხს, თუ რა გეგმები აქვს ციხის ადმინისტრაციას ეგ უკვე არ ვიცი“,  – ამბობს თევდორაძე.

newpress.ge  შეეცადა ტელეფონით დაკავშირებოდა ციხის ადმინიტრაციას თუმცა, ჩვენც ხელთ არსებული საკონტაქტო ნომერი მთელი დღის განმავლობაში გამორთული იყო. 

ავტორი: თეკლა მორგოშია