|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვერეს ხეობის „ფერადი თაობა“

     2 კვირის წინ თბილისი სტიქიურმა უბედურებამ მოიცვა. ადიდებულმა მდინარემ „ვერე“  დედაქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა. იყო მსხვერპლი. სტიქიურმა უბედურებამ მთელი ერი გააერთიანა.  უბედურების ადგილზე სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად ერთმანეთის გვერდით ახალგაზრდები დადგნენ.  "ფერადი თაობის" ეს ერთსულოვნება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავიანთ შემოქმედებაში ასახეს.

დედაქალაქის რიტმული ცხოვრება ერთ ღამეში შეიცვალა.  წვიმიან ამინდს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.  ერთი შეხედვით,  უწყინარი მდინარე „ვერე“ ტრაგედიის მიზეზი გადა. 14 ივნისიდან  სამაშველო სამუშაობში აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები. დაზარალებულთა დასახმარებლად ქვეყნის მასშტაბით არაერთი საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა. ქუთაისელი ახალგაზრდა პაპუნა რევიშვილი, იმ ადამიანს გვაცნობს, რომელმაც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად უკანასკნელი თეთრები გაიღო. პაპუნა და მისი მეგობრები ქალაქის ქუჩებში საქველმოქმედო კონცერტებს მართავდნენ : „მინდა, იცნობდეთ მოსე ჭეიშვილს და ესალმებოდეთ,  როცა ქუთაისში, ჭავჭავაძეზე, ახალ სადგურთან მოხვდებით. როდესაც ამ ადამიანის ცრემლები დავინახე, მივხვდი, თუ როგორ უნდოდა, თუნდაც 50 თეთრი შემოეწირა ჩვენთვის თბილისელი ხალხის დასახმარებლად. რაც უფრო უმძაფრდებოდა სურვილი, მით უფრო მატულობდა ცრემლის ნაკადი უპეებში. შემდეგ ერთმა ქალბატონმა მისგან, მისივე ხელით გაკეთებული ნაკეთობა შეიძინა და თვალებანთებული მოხუცი ჩვენკენ გამოეშურა, ძლივსგაყიდულ ნივთში აღებული ფული სრულად გადმოგვცა და დაგვლოცა. თბილისელმა, ძალიან მაგარმა ადამიანმა, რომელიც ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა, ეს დაინახა, მივიდა მასთან და სამაგიეროდ შეიძინა ისევ მისგან ნაკეთობა და ფული გადასცა, მაგრამ მოხუცმა ისიც ყულაბაში ჩააგდო. გვიცქედა და მაინც ვერ ძღებოდა, რაღაც აკლდა გულს. რამოდენიმე ხანში დავინახე, თუ როგორ მოდიოდა ჩვენსკენ ბაზრიდან არყით, ლავაშით, ატმითა და ბლით სავსე პარკებიც ეჭირა ხელში. ნამდვილი ქართული სული დავინახე მასში, როცა დაგვლოცა. თბილისელებისთვის მისივე ხელით გაკეთებული ხატი გვაჩუქა. ასეთი სითბო, ასეთი სიკეთე ადამიანისგან პირველად ვიგრძენი. მან რაც გააკეთა, ასე არც ერთ სხვას, მასზე უფრო შეძლებულს არ ექნება განაკეთები. მან ბოლო ლუკმაც არ დაიტოვა მისთვის. რაც მთავარია სულით და გულით. ამ მოხუცს მოსე ქვია. იცნობდეთ, მოსე ჭეიშვილი. ოღონდ ბიბლიური მოსესგან იმით განსხვავდება, რომ ის ზღვას ყოფდა, ეს კი მისი სიკეთით ადამიანებს აერთიანებს“, - ამბობს პაპუნა რევიშვილი.

 

(ფოტოზე:მოსე ჭეიშვილი)

ტრაგედიიდან ორი კვირის შემდეგ სტიიქის ადგილზე სამუშაოების და მასში ახალი თაობის ჩართულობის შესახებ  ახალგაზრდა პოეტი თემო შენგელაია გვიყვება, რომელიც მოხალისეებს ორგანიზებაში ეხმარებოდა.

„ეს საოცარი ერთიანობა იყო.  ხალხმა მობილიზება თავად გააკეთა. გაცნობიერებამ იმისა, რომ ეს მარტო ერთი ან ორი ოჯახის პრობლემა არ  იყო, საზოგადოება გააერთიანა. ამ ხნის მანძილზე ახალგაზრდებმა, მოხალისეებმა საოცარი საქმე გააკეთეს“,- ამბობს თემო შენგელაია.  მან ეს მოვლენები თავის შემოქმედებაშიც ასახა.

 „მეტირება... მაგრამ ვინმემ ამიხსენით,
ახლა მიწა ცრემლით როგორ დავასველო,
როცა მთელი საქართველო უდგას გვერდით,
ოცი შვილით მკლავებმოჭრილ საქართველოს...“

ჩვენი დროის გმირები საკუთარ ობიექტივში ასახა ფოტოხელოვანმა, გოგა ჩანადირმა და მათი სახე, როგორც სიმბოლო თანადგომისა და გმირობისა, მომავალ თაობებს შემოუნახა. გოგა ჩანადირი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომელიც  პროფესიულ  საქმესთან ერთად, სტიქიის ზონაში მოქალაქეობრივ ვალს იხდიდა.

 „თავიდან წავედი, ვიფიქრე, კადრებს გადავიღებდი, მაგრამ მერე სურათი სხვა აღმოჩნდა. მივხვდი, რომ რა დროს სურათების გადაღებაა და დავდექი მოხალისეების გვერდით. მერე  ვიფიქრე, რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ჩვენი დროის გმირები არიან. ნებისმიერი პროფესია და ამ პროფესიის წარმომადგენლები საჭიროა სახელმწიფოსთვის. ეს იქნება ფოტოგრაფი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, ექიმი, მაგრამ, როცა საჭიროება დგება ყველა უნდა გადაიქცეს ერთ მანქანად. ისე,  როგორც ამ შემთხვევაში მოხდა“, - ამბობს გოგა ჩანადირი.  ფოტოხელოვანის სოციალური ქსელის გვერდიდან მომხმარებელს მუდმივად შეეძლო ედევნებინა თვალი გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისთვის. ამავდროულად გაეცნო საინტერესო ადამიანები. „აღფრთოვანებული ვიყავი მათით.  მომეწონა ახალგაზრდის ინიციატივა, რომელმაც მოხალისეებს უფასო ტაქსი შესთავაზა. სვანიძის ქუჩაზე, იქ, სადაც 13/14 ივნისის ღამით ტრაგედია დატრიალდა, ბევრი ადამიანის სახლი დაინგრა, ან ნაწილობრივ დაზიანდა. ეს ადამიანების საკუთარ ნასახლარებზე ბრუნდებიან და გადარჩენილ ნივთებს აგროვებენ. აქედან ერთ-ერთი მამუკა მამულაშვილის სახლია, რომლის ოჯახიც აქ 1958 წლიდან ცხოვრობს. სვანიძის 12 ნომერში 6 წევრი ცხოვრობდა. მამუკა მამულაშვილი წარმოუდგენელი რუდუნებით, მაგრამ ამასთანავე, ტკივილით სავსე თვალებით წმენდდა გადარჩენილ ხატებს, რომელთა დიდი ნაწილი საკუთარი ხელით დაუმზადებია.    ხათუნა ზუმბულიძეც  სვანიძის ქუჩაზე ცხოვრობს. 13-14 ივნისის სტიქიის დროს პირველი სართული დაეტბორა, მეორე სართული გადაურჩა. საბედნიეროდ, მასთან ერთად ოჯახის ყველა წევრი გადარჩა, მათ შორის ძველი ტელეფონების  უნიკალური კოლექცია. ხათუნა ამბობს, რომ გადარჩენას ღვთისმშობელს სთხოვდა. როცა წყალმა მეორე სართულზე შეაღწია, მან უცებ დაიკლო. ზუმბულიძეების ოჯახმა იმ ღამეს კარგი საქმე გააკეთა - 19 მეზობელი შეიფარა, რომელთა შორის 7 პატარა იყო“,- წერს გოგა ჩანადირი. 



 (გოგა ჩანადირის ფოტო)

„ვერეს ხეობის ფერადი თაობა“ - ასე აფასებს ფოტოხელოვანი მოხალისე ახალგაზრდებს. იქ იყვნენ სვირინგიანი, თმაშეღებილი გოგო- ბიჭები.  ანუ მათ გვაჩვენეს, რომ არიან არა ხელიდან წასულები, არამედ მათზე დგას საქართველო. გარეგნობა, განსხვავებულობა ქართველობის დაკარგვას  არ ნიშნავს“, - ამბობს ჩანადირი. 

"მზიურში", სტიქიის ზონაში გადაღებულ ფოტოებს ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევს.  „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სახელმწიფოსა და დაზარალებულთა გვერდით დადგა. გამოჩნდა, რომ ღირსეული მოქალაქეები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია უკეთესი საქართველო ავაშენოთ. მართლაც, ახლა ის დროა, მოვრჩეთ ქებას, მით უფრო, მოხალისეები საქებრად არ წასულან ღვარცოფიან ადგილებში სამუშაოდ. 14 ივნისს დაკაპიწებული მკლავებით სახელმწიფოს აშენება გავაგრძელეთ“,–წერს გოგა ჩანადირი  სოციალურ ქსელში.

 „ვერეს“ ხეობაში მოხალისეები აღარ მუშაობენ, თუმცა მათ რამდენიმე დღეში შექმნეს განწყობა, რომ ძალა ერთობაშია. „ფერადი თაობა“ სტიქიის შედეგებთან  ბრძოლის საუკეთესო მაგალითია.

 

 


 

 

ავტორი: ანა ჯიქია